თბილისი, 23 ივლისი – Sputnik. თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი დიდი ქართველი კომპოზიტორის ზაქარია ფალიაშვილის 150 წლისთავს კონცერტით აღნიშნავს.
თეატრის სცენაზე 23 ივლისს აჟღერდება ფრაგმენტები ფალიაშვილის ოპერებიდან „აბესალომ და ეთერი“, „დაისი“ და „ლატავრა“. საღამოში მონაწილეობენ ეროვნული ბალეტი „სუხიშვილები“, ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდი და ორკესტრი. საგუნდო დირიჟორია ავთანდილ ჩხენკელი.
ზაქარია ფალიაშვილი (1871–1933) – კომპოზიტორი, დირიჟორი, პედაგოგი, ქართული ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებელი.
ფალიაშვილის შემოქმედება ქართული ეროვნული კულტურის ერთ-ერთი უდიდესი მონაპოვარია. ფალიაშვილის საუკეთესი ქმნილებებით ქართველმა ხალხმა თავისი წვლილი შეიტანა მსოფლიო მუსიკის კულტურის საგანძურში. თავისი შემოქმედება ფალიაშვილმა ააგო ქართული ხალხური მუსიკისა და მსოფლიო კლასიკური მუსიკის ტრადიციების სინთეზის საფუძველზე. ფალიაშვილმა შექმნა ეროვნული სტილის კლასიკური ნიმუშები.
კომპოზიტორის მემკვიდრეობაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ოპერებს. მის კალამს ეკუთვნის მონუმენტური ოპერა-ტრაგედია „აბესალომ და ეთერი“, ლირიკულ-დრამატული „დაისი“, გმირულ-პატრიოტული „ლატავრა“. ფალიაშვილის ოპერა „აბესალომ და ეთერი“ ქართული ეროვნული კულტურის ერთ-ერთი მწვერვალია. ის და ოპერა „დაისი“ საქართველოს გარდა უცხოეთის არაერთ სცენაზე დაიდგა.