ეკონომიკა ციფრებში... შუალედური ფინიში და „ლოკდაუნის“ საფრთხე

მიმდინარე წლის 6 თვის შედეგებით ეკონომიკური პარამეტრები პოზიტიურია: საბანკო სექტორი რეკორდულ მოგებაზე გავიდა, რეკორდულია საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლებიც, მზარდია ტურისტული ნაკადი და ფულადი გზავნილები, ეროვნული ბანკი კი ინფლაციის მაჩვენებლის განახლებას ვარაუდობს...
Sputnik
სამსონ ხონელი
წინამდებარე სტატიით მკითხველის ყურადღებას ქვეყნის ეკონომიკისა და საფინანსო ბაზრის რამდენიმე რეკორდულ მაჩვენებელზე გავამახვილებ. საბანკო სექტორით დავიწყებ.
მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში კომერციული ბანკების მოგებამ 1,060 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც აბსოლუტური რეკორდია. არ გაუჭირდებოდათ! − ბრძანებს მკითხველი ირონიული ტონით და, სავარაუდოდ, მიმანიშნებს, რომ საბანკო სექტორის შემოსავლები და მოგებაც უკვე მრავალი წელია მზარდია. მეტიც, საბანკო სფერო დიდი ხანია ჩვენში ყველაზე სარფიან ბიზნესად ითვლება. რეპლიკას გავიზიარებ, თუმცა დავძენ, რომ ფაქტია, საბანკო სექტორი მილიარდიან ნიშნულს ყველაზე ახლოს 2019 წელს მიუახლოვდა, როდესაც ერთი წლის განმავლობაში კომერციული ბანკების მოგებამ 953 მილიონ ლარს მიაღწია.
რას და რატომ ითხოვს ეროვნული ბანკი?
შეგახსენებთ, რომ საბანკო სექტორის მოგება გასულ წელს თითქმის ათჯერ – 99 მილიონ ლარამდე შემცირდა. 2020 წლის პირველი კვარტალი კომერციულმა ბანკებმა 747 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს. ექსპერტთა შეფასებით, ეს ზარალი შედეგი იყო არა იმდენად COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური ვარდნის, რამდენადაც კონსერვატიული მიდგომისა და რეზერვების მოცულობის ზრდის. თავის მხრივ, რეზერვების ზრდის მთავარი მიზეზი ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის საკრედიტო ვალდებულებებზე სამი თვის ვადით საშეღავათო პერიოდის მიცემა გახდა, რამაც გასული წლის მხოლოდ მარტში საბანკო სექტორი 943 მილიონი ლარის ზარალზე გაიყვანა.
მიმდინარე წელს კომერციულმა ბანკებმა ყველაზე დიდი მოცულობის, 295 მილიონი ლარის მოგება ივნისში მიიღეს, ხოლო ყველაზე მცირე – 113 მილიონი ლარის – იანვარში. საბანკო სექტორის მოგების 80 პროცენტი „საქართველოს ბანკსა“ და „თიბისი ბანკზე“ მოდის. ექსპერტთა შეფასებით, კომერციული ბანკების რეკორდული მოგება რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. კერძოდ, COVID-19-ის პანდემიის გამო ეკონომიკურ საქმიანობაზე დაწესებული მკაცრი რეგულაციების ჯერ შემსუბუქებამ და შემდეგ გაუქმებამ ხელი შეუწყო ეკონომიკურ ზრდას, გაუმჯობესდა ძირითადი მაკროეკონომიკური პარამეტრები, მაისის შუა რიცხვებიდან მოყოლებული ეროვნული ვალუტა დაახლოებით 40 თეთრით გამყარდა. ქვეყანამ თანდათან დაწყო COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ღრმა ეკონომიკური რეცესიიდან გამოსვლა და, რაც მთავარია, პესიმისტური განწყობა ოპტიმისტურმა მოლოდინებმა ჩაანაცვლა. ბუნებრივია, ეს ყველაფერი საბანკო სექტორის 6-თვიან შედეგებზეც დადებითად აისახა.
რა ბედი ელის ზაფხულის ტურისტულ სეზონს? ანუ ანტრე, ბატონო!
კიდევ ერთი რეკორდი ქვეყნის საგარეო ვაჭრობას უკავშირდება. კერძოდ, მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ სარეკორდო 6,2 მილიარდი ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 20,7 პროცენტით მეტია. ამ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, ქვეყნის საგარეო-სავაჭრო ბრუნვაში კვლავაც მზარდია ექსპორტის მოცულობა. აპრილიდან მოყოლებული, ექსპორტის ზრდის დინამიკა შთამბეჭდავია. მიმდინარე წლის ივნისში ექსპორტის მოცულობამ 349.3 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა და წინა წელთან შედარებით 30,1 პროცენტით გაიზარდა. ეს მაჩვენებელი 12,5 პროცენტით აღემატება COVID-19-ის პანდემიამდე, 2019 წლის ივნისში დაფიქსირებულ მონაცემებსაც.
მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში ექსპორტი ჯამურად 25,5 პროცენტით გაიზარდა და 1.887,4 მილიონ დოლარს გაუტოლდა. 2021 წლის პირველ ნახევარში პოზიტიურია წმინდა ექსპორტის დინამიკაც. მნიშვნელოვანია, რომ ექსპორტის ზრდის დინამიკამ საკმაოდ გადაფარა იმპორტის ზრდის მაჩვენებელი – 18,9 პროცენტი. შედეგად – იანვარ-ივნისში სავაჭრო დეფიციტი საგარეო-სავაჭრო ბრუნვის 39,2 პროცენტით განისაზღვრა და გასულ წელთან შედარებით 2 პროცენტით გაუმჯობესდა.
საბანკო სექტორის წინასაზაფხულო მონაგარი...
ანალიტიკოსთა შეფასებებით, ექსპორტის სტრუქტურაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია ადგილობრივი ექსპორტის დინამიკა. იგულისხმება ექსპორტი რეექსპორტის გარეშე. 2021 წლის პირველ 6 თვეში ადგილობრივი ექსპორტი 27,6 პროცენტით გაიზარდა და 1.377,6 მილიონ დოლარს, მთლიანი ექსპორტის 73,1 პროცენტს გაუტოლდა. მხოლოდ ივნისში ადგილობრივი ექსპორტი, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 33,7 პროცენტით გაიზარდა და 256,7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადგილობრივი ექსპორტის მოცულობა 40,4 პროცენტით აღემატება 2019 წლის ივნისის, ანუ COVID-19-ის პანდემიამდე პერიოდის მონაცემსაც კი.
„ექსპორტის, განსაკუთრებით კი ადგილობრივი ექსპორტის ზრდა და საგარეო-სავაჭრო დეფიციტის შემცირება მიუთითებს გასული წლის ეკონომიკის რეცესიული შოკიდან სწრაფი გამოსვლის დადებით ტენდენციაზე, რაც, პირველ რიგში, ეკონომიკის ზრდაზე და სავალუტო კურსზე აისახება პოზიტიურად. მნიშვნელოვანია, რომ ტურიზმის სექტორის აღდგენასთან ერთად საგრძნობლად არის გაზრდილი სავალუტო ნაკადებიც, რაც, სამუშაო ადგილების შენარჩუნებასთან ერთად, პოზიტიურ მოლოდინებს და სავალუტო კურსის სტაბილიზაციას უზრუნველყოფს“, – აცხადებს ანალიტიკოსი გიორგი ცუცქირიძე
რამდენი ვისესხეთ, რისთვის და რამდენ პროცენტში?..
დროა ოროდე სიტყვით სხვა მაჩვენებლებიც მიმოვიხილოთ. მართალია, რეკორდი არა, მაგრამ ზრდა და პოზიტიური ტენდენცია არის. ეროვნული ბანკის მონაცემებით, მიმდინარე წლის ივნისში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 201,9 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 19,3 პროცენტით მეტია. გაიზარდა საქართველოდან საზღვარგარეთ ფულადი გზავნილების მოცულობაც – 2021 წლის ივნისში საქართველოდან საზღვარგარეთ 26,5 მილიონი დოლარი გადაიგზავნა.
ახლა ზაფხულის ტურისტული სეზონია და, ბუნებრივია, მკითხველი დაინტერესდება, როგორი დინამიკაა ტურიზმის სფეროში. ეროვნული ბანკის მონაცემებით, მიმდინარე წლის ივნისში საქართველომ ტურიზმიდან ჯამში 122,5 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 111,3 მილიონი დოლარით მეტია. გარდა ამისა, 2021 წლის ივნისში მიღებული შემოსავლები აჭარბებს წინა თვის მონაცემებსაც. კერძოდ, მიმდინარე წლის მაისში ქვეყანამ ტურიზმიდან მხოლოდ 73,8 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო. აქვე შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ივნისში საქართველოს 133.500 ტურისტი ეწვია, ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 104.600 ტურისტით მეტია.
ერთი ყულაბის ამბავი, ანუ სად არის ჩვენი საპენსიო დანაზოგი?
ეკონომიკური პარამეტრების გაუმჯობესებას გამოეხმაურა საერთაშორისო სავალუტო ფონდი. კერძოდ, ამ გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, ყოველთვიური მაჩვენებლები მიმდინარე წლის მეორე კვარტალში სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე მიუთითებს, რის შედეგადაც წლიური ზრდა 7,7 პროცენტს მიაღწევს. ეს კი მნიშვნელოვნად მომატებული ზრდის ტემპია, რაც მტკიცე ვარაუდის საფუძველს იძლევა, რომ 2021 წლის ბოლოს ეკონომიკა 2019 წლის დონეს გადააჭარბებს. ელექტრონული ფულადი გადმორიცხვების და ექსპორტის სწრაფი ზრდა, ასევე ტურიზმის მოსალოდნელზე მაღალი ზრდა ხელს უწყობს ეკონომიკის ზრდას და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებას. რაც შეეხება ინფლაციას, მაღალი მაჩვენებელი წლის ბოლომდე შენარჩუნდება, მომდევნო წლის განმავლობაში კი, დროებითი ფაქტორების მილევის ფონზე, სწრაფად შემცირდება. 
ამასობაში ეროვნულმა ბანკმა შესაძლოა ინფლაციის პროგნოზს გადახედოს. როგორც კობა გვენეტაძის უწყებაში აცხადებენ, ეროვნული ბანკი განახლებულ პროგნოზს 4 აგვისტოს მონეტარული პოლიტიკის სხდომაზე გამოაქვეყნებს. იმავე დღეს იმსჯელებს რეფინანსირების განაკვეთის გადახედვის საკითხზეც. შეგახსენებთ, რომ ივნისის თვეში წლიურმა ინფლაციამ 9,9 პროცენტს მიაღწია. ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 23 ივნისს უცვლელად, 9,5 პროცენტზე დატოვა. ამ ეტაპზე კობა გვენეტაძის უწყება წლიურ ინფლაციას 8-9 პროცენტის ფარგლებში ელის, ხოლო მის მკვეთრ შემცირებას მომავალი წლის მარტიდან ვარაუდობს.
ეკონომიკა იზრდება, ლარი მყარდება... დაიკლებს თუ არა ფასები?
ეროვნული ბანკი ფასების ზრდის შეჩერებას გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკით ცდილობს, თუმცა თუ მოვლენები პოზიტიური სცენარით განვითარდა, ნავარაუდევია, რომ ეროვნული ბანკი ეტაპობრივად რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას დაიწყებს.
ვნახოთ, დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, რაც მთავარია, საინტერესოა მთავრობისა თუ ეროვნული ბანკის სამოქმედო გეგმასა და გაწერილ სცენარში რა ცვლილებებს შეიტანს ბოლო პერიოდში მკვეთრად გაუარესებული ეპიდემოლოგიური ვითარება. ხომ არ დადგება ქვეყანა მორიგი „ლოკდაუნის“ გარდაუვალი აუცილებლობის წინაშე...