WSJ: ვაშინგტონი და ბაღდადი ერაყიდან ამერიკული ძალების გაყვანაზე განცხადებას გააკეთებენ

წყაროს ინფორმაციით, ამერიკელი და ერაყელი ოფიციალური პირები შესაბამის განცხადებას ვაშინგტონში ერაყის პრემიერის ვიზიტს დაამთხვევენ.
Sputnik
თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. აშშ-ის და ერაყის მაღალჩინოსანი პირები აპირებენ გაავრცელონ განცხადება, რომლითაც წლის ბოლომდე ერაყიდან ამერიკული საბრძოლო ნაწილების გაყვანისკენ მოუწოდებენ, იუწყება გაზეთი The Wall Street Journal ორი ქვეყნის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.
საშიში ჩრდილოეთ კორეა: CIA-ს დირექტორი ფხენიანის ბირთვულ პოტენციალს აფასებს
ამასთან, გამოცემის ინფორმაციით, მაღალჩინოსნები განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ აშშ-ის სამხედრო ყოფნა ერაყში ამის შემდეგაც კვლავინდებურად საჭირო იქნება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლისთვის.
„ჩვენ აღარ გვჭირდება გამანადგურებლები, ვინაიდან ისინი გვაქვს. ჩვენ გვჭირდება თანამშრომლობა დაზვერვის სფეროში. ჩვენ გვჭირდება დახმარება სწავლებაში. ჩვენ გვჭირდება ჯარები, რომლებიც ჰაერში დაგვეხმარებიან“, — განუცხადა გამოცემას ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფუად ჰუსეინმა.
გავრცელებული ინფორმაციით, ზემოხსენებული განცხადება პრემიერ-მინისტრ მუსტაფა ალ-ქადიმის ვაშინგტონში ვიზიტთან დაკავშირებით გაკეთდება, როდესაც ის პრეზიდენ ჯო ბაიდენს შეხვდება. მუსტაფა ალ-კაზიმის ვიზიტი ვაშინგტონში 26 ივლისს იგეგმება.
როგორც WSJ წერს, მოქმედი და ყოფილი ოფიციალური პირების თქმით, განცხადების მიზანი ისაა, რომ ერაყის ლიდერმა შეძლოს შეასუსტოს შიიტური დაჯგუფებების პოლიტიკური ზეწოლა, რომლებიც ქვეყნიდან ყველა ამერიკელი ჯარისკაცის (2.500 კაცი) გაყვანას მოითხოვენ.
ერთ-ერთი ოფიციალური პირის თქმით, ვაშინგტონი განცხადების პირობების შესრულებას „ქვეყანაში ზოგი ამერიკული ძალისთვის ამოცანების შეცვლის გზით აპირებს და არა ამერიკული ყოფნის შესუსტებით“.
როგორც თეთრი სახლის პრეს-მდივანმა ჯენ პსაკიმ განაცხადა ერაყიდან ამერიკული ძალების სავარაუდო გამოყვანასთან დასმული შეკითხვის პასუხად, ვაშინგტონი განაგრძობს კონსულტაციებს ბაღდადთან ქვეყანაში ამერიკული ყოფნის თემაზე, მეტი დეტალები კი ალ-კაზიმის ვიზიტის შემდეგ გახდება ცნობილი.