თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი უილიამ ბერნსი დარწმუნებულია, რომ ჩრდილოეთ კორეა განაგრძობს თავისი ბირთვული პოტენციალის გაზრდას.
ამის თაობაზე ბერნსმა აშშ-ის საზოგადოებრივ რადიოსთან ინტერვიუს დროს ისაუბრა.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, გააფართოვებს თუ არა ჩრდილოეთ კორეა თავის სარაკეტო და ბირთვულ შესაძლებლობებს, CIA-ს შეფმა უპასუხა:
„არ არსებობს არანაირი ეჭვი. მხედველობაში მაქვს, რომ ისინი განუხრელად აფართოებენ თავიანთ სარაკეტო და ბირთვულ პროგრამებს ბოლო წლების განმავლობაში“.
ამასთან ბერნსი დარწმუნებულია, რომ ჩრდილოეთ კორეა საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და უშიშროებას.
აღსანიშნავია, რომ შეერთებულმა შტატებმა ჩრდილოეთ კორეას არაერთი სანქცია დაუწესა ფხენიანის მიერ ბირთვული პროგრამის განვითარების გამო. როგორც პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, ის მზადაა შეხვდეს ჩრდილოკორეელ კოლეგა კიმ ჩენ ინს იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი დენუკლეარიზაციას დათანხმდება.
თეთრი სახლის პრეს-მდივნის ჯენ პსაკის განცხადებით, ვაშინგტონმა ჩრდილოეთი კორეის მიმართ ახალი პოლიტიკა შეიმუშავა, რომელიც ორი წინამორბედი პრეზიდენტის კურსისგან იმითაც განსხვავდება, რომ არ მოიაზრებს „დიდ გარიგებას ან სტრატეგიულ თმენას“.