თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. ჩინეთის ქალაქ ჩენჩჟოუში (ჰენანის პროვინცია) მოსული ძლიერი წვიმის შედეგად წყალი მეტროში შევარდა, დაღუპულია, სულ ცოტა, თორმეტი ადამიანი, იუწყება ტელეარხი CGTN ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით.
გავრცელებული ინფორმაციით, წვიმის წყალი მეტროპოლიტენის ერთ-ერთი ხაზის თავზე მდებარე პარკინგზე დაგროვდა, რის შემდეგაც ნაკადმა მეტროში შეაღწია და სადგური დატბორა. ხელმძღვანელობამ სასწრაფოდ შეაჩერა მატარებლების მოძრაობა, ამ ტოტზე ელექტროენერგიის მიწოდება შეწყვიტა და ევაკუაცია დაიწყო.
მაშველებმა გვირაბიდან ხუთასამდე ადამიანის გამოყვანა შეძლეს.
„თორმეტი ადამიანის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ისინი დაიღუპნენ. ხუთი ადამიანი დაშავდა და საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი“, — ნათქვამია ხელისუფლების განცხადებაში.
ტელეარხის ცნობით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჰენანის პროვინციაში 50-90 მმ ნალექი მოვიდა, ჩჟენჩჟოუში კი ამ მაჩვენებელმა 250-დან 329 მმ-მდე მიაღწია. სინოპტიკოსების პროგნოზის თანახმად, ქალაქში ძლიერი წვიმა დღესაც გაგრძელდება. ქალაქის ხელმძღვანელობამ უკვე მოახდინა 200 ათასამდე ადამიანის ევაკუაცია. დაწყებულია სამძებრო-სამაშველო სამუშაოები. ამასთან ხელისუფლება დილიდან აკონტროლებს ბაზრებსა და მაღაზიებს, რათა სურსათსა და აუცილებელ საქონელზე ფასებმა არ მოიმატოს.