თბილისი, 21 ივლისი - Sputnik. საერთაშორისო ტურიზმი მიმდინარე წლის იანვრიდან მაისის ჩათვლით 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 85%-ით შემცირდა. აღნიშნავს, იუწყება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია (UNWTO). ამის შესახებ წერს РИА Новости.
„ტურიზმის ისტორიაში ყველაზე ღრმა კრიზისი უკვე მეორე წელია გრძელდება. UNWTO-ს მონაცემებით, იანვრიდან მაისის ჩათვლით საერთაშორისო ტურისტული ნაკადი 2019 წლის დონეზე 85%-ით დაბალი იყო (65%-ით დაბალი 2020 წელთან შედარებით). მიუხედავად მცირეოდენი გამოცოცხლებისა მაისში, COVID-19-ის შტამების გამოჩენა და შეზღუდვების დაწესება ნიშნავს, რომ შიდა ტურიზმი ბრუნდება გაცილებით უფრო სწრაფი ტემპით, ვიდრე საერთაშორისო მგზავრობები“, - ნათქვამია მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის განცხადებაში.
მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში მსოფლიოში დარეგისტრირდა 147 მილიონით ნაკლები საერთაშორისო მგზავრობა 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 460 მილიონით ნაკლები 2019 წელთან შედარებით. ზრდის უმნიშვნელო ტენდენცია შეინიშნებოდა მაისში ზოგიერთ ქვეყანაში შეზღუდვების შემსუბუქების ფონზე.
UNWTO-მ შეაფასა 2020 წელი, როგორც ყველაზე ცუდი წელიწადი დაკვირვების მთელი ისტორიის განმავლობაში. შარშან 2019 წელთან შედარებით (1,5 მილიარდი) ერთი მილიარდით ნაკლები საერთაშორისო მგზავრობა დაფიქსირდა.