მეფური საჩუქარი ლეგენდარულ ლიონელ მესის ლეგენდარული ნონა გაფრინდაშვილისგან

არგენტინელმა ფეხბურთელმა ნონა გაფრინდაშვილს 80 წლის იუბილეზე საკუთარი მაისური გამოუგზავნა, ეს კი ქართველი მოჭადრაკის მხრიდან საპასუხო საჩუქარია.
Sputnik
თბილისი, 21 ივლისი – Sputnik. ლეგენდარულმა ქართველმა მოჭადრაკემ ნონა გაფრინდაშვილმა ლიონელ მესისთვის ჭადრაკის დაფა დაამზადებინა მოოქროვილი ფიგურებით, რომლითაც არგენტინელი სუპერვარსკვლავისთვის პირველი სანაკრებო ტიტულის – „კოპა ამერიკის" ჩემპიონობის მილოცვას აპირებს.
არგენტინელი ფეხბურთელისთვის განკუთვნილი საჩუქარი ნონა გაფრინდაშვილმა ვერის ბაღში, ჭადრაკის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე წარადგინა. 
„ნონა გილოცავ..." – რა საჩუქარი მიიღო გაფრინდაშვილმა ლიონელ მესისგან
„რაც მესისგან საჩუქრად მაისური მივიღე, იმის შემდეგ ვფიქრობდი, საპასუხოდ რა საჩუქარი შემერჩია... ეს იქნება არა ჩემი, არამედ საქართველოს სახელით გაგზავნილი საჩუქარი, ვფიქრობ, მესის იგი მთელი ცხოვრება დაამახსოვრდება“, – განაცხადა ჭადრაკში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა.
ეს ნონა გაფრინდაშვილის მხრიდან საპასუხო საჩუქარია. მიმდინარე წლის ივნისში, მის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონსა და საჭადრაკო ოლიმპიადის თერთმეტგზის გამარჯვებულს ესპანეთის „ბარსელონისა" და არგენტინის საფეხბურთო ნაკრების კაპიტანმა მაისური გამოუგზავნა საკუთარი ავტოგრაფით – „ნონა, გილოცავ დაბადების დღეს – ლეო მესი“.
იმის შესახებ, რომ ნონა გაფრინდაშვილი ზოგადად ფეხბურთის და, კერძოდ, მისი დიდი თაყვანისმცემელია, მესიმ ფიდეს ხელმძღვანელობისგან გაიგო. სიურპრიზის ინიციატორი ფიდეს ვიცე-პრეზიდენტი აკაკი იაშვილი გახდა.