თბილისი, 21 ივლისი – Sputnik. სამართალდამცველებმა კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევისა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით თბილისში, გორსა და წალენჯიხაში ხუთი პირი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაკავებულთა ასაკი 22-დან 31 წლამდე მერყეობს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები შვიდი ემიგრანტის Facebook-გვერდებზე უნებართვოდ შეაღწიეს.
„დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები აღნიშნული პირების სახელით დაუკავშირდნენ როგორც საზღვარგარეთ მყოფ, ასევე საქართველოში მცხოვრებ მათსავე 14 მეგობარს, რომლებსაც ონლაინ-კაზინოსა და სწრაფი გზავნილის ანგარიშებზე სხვადასხვა ოდენობის თანხები მოტყუებით ჩაარიცხვინეს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ბრალდებულები თაღლითური გზით საერთო ჯამში დაეუფლნენ 14 მოქალაქის კუთვნილ 10,5 ათას ლარს. შსს-ს ინფორმაციით, სხვა დაზარალებულებისა და დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების დადგენის მიზნით ტარდება საგამოძიებო მოქმედებები.
გამოძიება სსკ-ის 180-ე და 284-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას.