თბილისი, 20 ივლისი – Sputnik. საქართველოს ეკონომიკის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელი ექვს თვეში დაახლოებით 12% იქნება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე სამშაბათს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებით, საქართველოში აპრილიდან აღდგენის საკმაოდ სწრაფი პროცესი მიმდინარეობს, რაც პრაქტიკულად ეკონომიკის ყველა პარამეტრზე აისახება. ესაა ექსპორტისა და იმპორტის, ფულადი გადარიცხვებისა და საწარმოების ბრუნვის ზრდა. ეკონომიკურმა ზრდამ აპრილში 45% შეადგინა, ხოლო ზრდამ წლის დასაწყისიდან ხუთ თვეში – 11,5%.
„წინასწარი ინფორმაცია მაქვს, რომ ივნისის თვეში გვექნება ასევე საკმაოდ მაღალი ზრდა და ეს იქნება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, დაახლოებით 15-დან 18%-მდე. საბოლოო ჯამში, გამოდის, რომ პირველ ექვს თვეში ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა გაიზრდება დაახლოებით 12%-ით“, – განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, ეკონომიკის ასეთმა ზრდამ ბიუჯეტში დამატებითი რესურსების მობილიზების საშუალება მოგვცა, ამიტომ ფინანსთა მინისტრმა შესაბამისი ცვლილებები მოამზადა და პარლამენტს სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტი წარუდგინა.
ძირითადი მიზეზი იმისა, რომ მთავრობამ პარლამენტში განსახილველად სახელმწიფო ბიუჯეტის განახლებული ვერსია შეიტანა, ეკონომიკური ზრდა გახდა. შესწორებების მიხედვით, ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებლები 7,5-დან 6,9 პროცენტამდე მცირდება, ხოლო სახელმწიფო ვალის მაჩვენებელი – მშპ-ის 60-დან 54,6%-მდე.
ცვლილებებს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რიგგარეშე სესიის ფარგლებში 23 ივლისს განიხილავენ.
ფინანსთა სამინისტრომ გადახედა 2021 წლის რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზს და განაცხადა, რომ მაისისა და ივნისის მაჩვენებლების გათვალისწინებით ზრდა 6,5-დან 7,7%-მდე იქნება, ხოლო მშპ-ის ნომინალური მაჩვენებელი – 57,2 მლრდ ლარამდე.
ოპტიმისტური სცენარით, საქართველოში ეკონომიკური ზრდაა მოსალოდნელი და ის 10,2%-ს მიაღწევს, ხოლო ნომინალურ გამოხატვაში – 58,8 მლრდ ლარს. ამასთან შემცირდება ბიუჯეტის დეფიციტი და ვალი მშპ-სთან მიმართებით. კერძოდ, ბიუჯეტის დეფიციტი შეადგენს მშპ-ის 6,2%-ს, ხოლო სახელმწიფო ვალი – მშპ-ის 53,1%-ს.