ბათუმს და ბიშკეკს რეგულარული ავიარეისები დააკავშირებს

აღნიშნული მარშრუტით რეგულარული ავიაფრენები ზაფხულის განმავლობაში კვირაში ერთხელ – შაბათობით შესრულდება.
Sputnik
თბილისი, 20 ივლისი – Sputnik. ყირგიზულმა ავიაკომპანია Air Manas-მა ბიშკეკი–ბათუმი–ბიშკეკის მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულება დაიწყო, იუწყება აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი.
ადრე ავიაკომპანია ამ მარშრუტზე მხოლოდ ჩარტერულ რეისებს ახორციელებდა.
საქართველოში საჰაერო მიმოსვლის აღდგენა სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს
პირდაპირი ფრენები ამ მიმართულებით ზაფხულის განმავლობაში კვირაში ერთხელ – ყოველ შაბათს შესრულდება.
რეგულარული საერთაშორისო ავიამიმოსვლა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წლის მარტიდან იყო შეჩერებული, საქართველომ 1 თებერვლიდან აღადგინა.
ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აღდგენილია ავიარეისების 74% (375-395 სიხშირე კვირაში), ხოლო საჰაერო მიმართულებების 72%.
2021 წლის 6 თვეში ყირგიზეთის მოქალაქეებმა საქართველოში 1715 ვიზიტი განახორციელეს, პანდემიამდე – 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს რიცხვი 4.817-ს შეადგენდა.