თბილისი, 20 ივლისი – Sputnik. კორონავირუსზე ვაქცინაცია ერთადერთი გზაა ზაფხულის ტურისტული სეზონის ნორმალურად ჩასატარებლად, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.
ბოლო რამდენიმე დღეა საქართველოში სულ უფრო იზრდება კორონავირუსით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი. ბოლო 24 საათში ვირუსი 2.600-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. ეს ამ წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. ახალი შემთხვევების ნახევარზე მეტი – 1.557 თბილისში დაფიქსირდა.
„თუ ვაქცინაციის ტემპი იქნება ისეთი, როგორსაც ჩვენ ვვარაუდობთ, და ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის, ტურიზმი უფრო მეტად აღდგება. ეს არაა მხოლოდ ჩვენს ნება-სურვილზე დამოკიდებული. გლობალურად პანდემია გრძელდება, სხვადასხვა ქვეყანაში შეზღუდვები წესდება. ამიტომ ვაქცინაცია ერთადერთი საშუალებაა იმისთვის, რომ რისკები მინიმუმამდე შემცირდეს“, – თქვა ნათია თურნავამ.
მინისტრის თქმით, ახლა ტურისტულ ობიექტებში საკმაოდ მაღალია ვაქცინაციის მაჩვენებელი.
„რა თქმა უნდა, ტურიზმის შეუფერხებლად ფუნქციონირება ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ეკონომიკური ზრდა გვქონდეს იმ ნიშნულზე, რასაც ვვარაუდობთ“, – აღნიშნა თურნავამ.
საქართველოში მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური ვაქცინების - Sinopharm-ისა და Sinovac-ის 1 მილიონი დოზა მიიღო. ამ მომენტისთვის საქართველოში ვაქცინაცია მიმდინარეობს Pfizer-ის, AstraZeneca-ს, Sinovac-ისა და Sinopharm-ის პრეპარატებით.
ბოლო მონაცემებით ქვეყანაში ჩატარდა 368.179 აცრა. სრულად, ორი დოზით ვაქცინირებულია 132.207 ადამიანი.
ტურიზმის სფერო ყველაზე მეტად დაზარალდა კორონავირუსის პანდემიის შედეგად. საქართველოს რეკორდულმა წარმატებამ 2019 წელს, როდესაც საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვმა 9,3 მილიონს გადააჭარბა, ხოლო მიღებულმა შემოსავლებმა 3,3 მილიარდი დოლარი შეადგინა, აიძულა ამ დარგში დასაქმებული ადამიანები უფრო საფუძვლიანად მომზადებულიყვნენ 2020 წლისთვის. მაგრამ პანდემიამ ტურიზმის ინდუსტრიის ყველა გეგმა და იმედი ჩაშალა. ტურიზმისგან მიღებული შემოსავლები 2020 წელს 427,7 ათას დოლარამდე შემცირდა, ხოლო საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა - 1,7 მილიონამდე.