თბილისი, 19 ივლისი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც მან მონაწილეობა ვერ მიიღო ბათუმში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელსა და ოპოზიციის ლიდერებს შორის გამართულ შეხვედრაში.
როგორც ჯაფარიძემ საკუთარ Facebook–გვერდზე დაწერა, შარლ მიშელთან შეხვედრისთვის აუცილებელი პირობა PCR-ტესტის უარყოფითი პასუხი იყო. ამ დილით კი პოლიტიკოსმა ტესტის დადებითი პასუხი მიიღო.
მისი თქმით, დაავადება აბსოლუტურად უსიმპტომოდ მიმდინარეობს.
„პრეზიდენტ მიშელთან შეხვედრას ვერ ვესწრები. შეხვედრაზე დასწრების წინაპირობა იყო PCR–ტესტი. გუშინ დამტესტეს და დღეს მითხრეს, რომ პასუხი დადებითია. არანაირი სიმპტომი არც მქონია და არც მაქვს, მაგრამ გასაგებია, რომ შეხვედრაზე ვერ მოვხვდები“, – დაწერა პოლიტიკოსმა.
ჯაფარიძის თქმით, იგი მიშელთან შეხვედრაზე „ქართული ოცნების“ მხრიდან 19 აპრილის შეთანხმების დარღვევის, სასამართლო რეფორმისა და ევროკავშირთან და აშშ-თან გაუარესებული ურთიერთობების საკითხებზე საუბარს გეგმავდა.
ჯაფარიძე იმედს გამოთქვამს, რომ შარლ მიშელი მმართველ პარტიასთან შეხვედრაზე გამოიჩენს სიმტკიცეს და „ქართულ ოცნებას“ და ოპოზიციას მოლაპარაკებების მაგიდასთან აღარ დასვამს, რადგანაც ამას „აზრი აღარ აქვს“.
ზურაბ ჯაფარიძემ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა ჩინური წარმოების Sinopharm-ით მაისის დასაწყისში ჩაიტარა. თავიდან კორონავირუსი პოლიტიკოსის ვაჟს გამოუვლინდა და მთელი ოჯახი თვითიზოლაციაში გადავიდა.
ჯაფარიძე ქვეყანაში კოვიდ-შეზღუდვების წინააღმდეგ გამოდიოდა. იგი აპროტესტებდა ბარებისა და რესტორნების დახურვას, კომენდანტის საათის მოქმედებას და პირბადის სავალდებულო ტარების წესს. თებერვლის დასაწყისში მკაცრი შეზღუდვების ფონზე ჯაფარიძემ, როგორც პოლიტიკური დაუმორჩილებლობის აქტი, ბარი „ჯაფარასთან“ გახსნა, რომელიც შრომის ინსპექციამ ხმაურის ფონზე დაკეტა.
თავად პოლიტიკოსი, რომელიც ხშირად იღებს მონაწილეობას სხვადასხვა საპროტესტო აქციებში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში იშვიათად ჩნდება პირბადით.