რაზეა დამოკიდებული COVID-19-ის საწინააღმდეგო ანტისხეულების დონე: მეცნიერების დაკვნა

როგორც აღმოჩნდა, ცხრა თვის განმავლობაში ანტისხეულების მაღალი დონე უნარჩუნდებათ არა მარტო იმათ, ვინც COVID-19 რთული ფორმით გადაიტანა, არამედ იმათაც, ვინც დაავადებას მსუბუქად გაუმკლავდა
Sputnik
თბილისი, 19 ივლისი - Sputnik. იტალიელმა და ბრიტანელმა მეცნიერებმა იტალიის პატარა ქალაქის მთელ მოსახლეობას კორონავირუსის ანტისხეულებზე ტესტირება ჩაუტარეს და დაადგინეს, რომ ცხრა თვის განმავლობაში ანტისხეულების მაღალი დონე შენარჩუნებული ჰქონდა ყველას, ვინც ვირუსი გადაიტანა. იუწყება РИА Новости ჟურნალ Nature Communication-ზე დაყრდნობით.
პადუის უნივერსიტეტისა და ლონდონის იმპერიული კოლეჯის მკვლევარებმა 2020 წელს სამჯერ - თებერვალ-მარტში, მაისსა და ნოემბერში - SARS-CoV-2-ის და მისი საწინააღმდეგო ანტისხეულების ტესტირება იტალიის ქალაქ ვოს მცხოვრებთა 86%-ს ჩაუტარეს. ქალაქში სამი ათასამდე მოქალაქე ცხოვრობს.
„ჩვენ ვერ ვიპოვეთ იმის მტკიცებულება, რომ ანტისხეულების დონე სიმპტომიან და უსიმპტომო პაციენტებში მნიშვნელოვნად განსხვავდება. ამიტომ ვვარაუდობთ, რომ იმუნური პასუხის სიძლიერე არ არის დამოკიდებული ინფექციის სიმძიმესა და სიმპტომებზე“, - აღნიშნეს სპეციალისტებმა.
ისრაელში ღეროვან უჯრედებზე დაფუძნებული COVID-19-ის საწინააღმდეგო პრეპარატი შექმნეს
ცალკეულ შემთხვევებში ზოგიერთ პაციენტს მკვლევარებმა აღმოუჩინეს დროთა განმავლობაში ანტისხეულების დონის მატება, რაც, ავტორების აზრით, მიუთითებს ვირუსით ხელახლა ინფიცირებაზე, რაც იმუნური პასუხის გაძლიერებას უწყობს ხელს.
ავტორები თავიანთ სტატიაში სხვა საინტერესო მონაცემებზეც საუბრობენ. მათი შეფასებით, მხოლოდ ყოველი მეოთხე ინფიცირებული გადასცემდა ვირუსს გარშემომყოფებს ერთ ოჯახშიც კი, გადაცემის შემთხვევების უმრავლესობა კი - 79% - მატარებლების 20%-ზე მოდის, რომელთაც შეიძლება აქტიური გამავრცელებლები ეწოდოთ.
აქედან მეცნიერები ასკვნიან, რომ ეპიდემიასთან ბრძოლის ყველაზე მნიშვნელოვანი მეთოდი, მოსახლეობის ვაქცინაციის მაღალი დონის შემთხვევაშიც კი, კვლავ ქცევის ფაქტორია - პირადი პასუხისმგებლობა, შეზღუდული კონტაქტები, ფიზიკური დისტანცია და პირბადეების ტარება.