რას და რატომ ითხოვს ეროვნული ბანკი?

ვინ ლიდერობს საქართველოს საფინანსო ბაზარზე, რა მოცულობის სესხია გაცემული და საკრედიტო პორტფელში როგორია საბანკო და არასაბანკო სექტორების წილი? რას ისახავს მიზნად ეროვნული ბანკის ახალი ინიცატივა?
Sputnik
სამსონ ხონელი
პირველივე წინადადებით წინამდებარე სტატიის სათაურში დასმულ კონკრეტულ კითხვას ვუპასუხებ: ეროვნული ბანკი საკრედიტო რეესტრს ქმნის.
რა არის კობა გვენეტაძის უწყების ამ მორიგი ინიციატივის მიზანი?
რა თქმა უნდა, მიზანი, როგორც ყოველთვის, ახლაც დიადია და თანაც ნათელი. თუმცა მეტი კონკრეტიკისთვის თავად ეროვნული ბანკის განმარტებას მოვიშველიებ.
„საკრედიტო რეესტრის მიზანია ხელი შეუწყოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო ფუნქციების ეფექტურ განხორციელებას, მათ შორის, საკრედიტო ორგანიზაციებში რისკების შეფასებას ინდივიდუალურ და კონსოლიდირებულ დონეზე; ასევე სასესხო პორტფელების დინამიკის მონიტორინგს; საკრედიტო რისკის მიმღებლობის შეფასებას რეფინანსირებული და უარყოფილი სასესხო პორტფელის მიხედვით და სხვ.“ − აცხადებენ ეროვნულ ბანკში.
ინიციატივის ასამოქმედებლად კონკრეტული ნაბიჯებიც გადაიდგა. უკვე ცნობილია საკრედიტო რეესტრის შექმნისა და მისი გამოყენების წესებიც. კერძოდ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის ბრძანებით ეროვნულმა ბანკმა საკრედიტო ორგანიზაციებს მონაცემების წარდგენის ვალდებულება განუსაზღვრა. დოკუმენტის თანახმად, 2023 წლის 1 იანვრამდე უკლებლივ ყველა კომერციული ბანკი ვალდებულია, რომ კლიენტების შესახებ მონაცემები ეროვნულ ბანკს ყოველი თვის 20 რიცხვამდე მიაწოდოს. კობა გვენეტაძის უწყება, თავის მხრივ, უზრუნველყოფს საკრედიტო რეესტრის მონაცემების დამუშავებას და, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მიღებული მონაცემების გადაცემას „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, მესამე მხარისთვის მონაცემების გადაცემა დასაშვები იქნება მხოლოდ ამ მონაცემთა სუბიექტებისა და საკრედიტო რეესტრის მონაწილეების შესაბამისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.
რა შინაარსის ინფორმაციის მიწოდება დაევალათ კომერციულ ბანკებს? 
რეესტრის მონაწილეები ვალდებული არიან ეროვნულ ბანკს ყოველთვიურად მიაწოდონ კლიენტის საიდენტიფიკაციო მონაცემები, კლიენტის ბოლოს განახლებული ინფორმაცია, შემოსავლები, საკრედიტო ვალდებულების დეტალები და ა.შ.
საინტერესოა, ვინ შეიძლება იყოს საკრედიტო რეესტრის მონაწილე? კითხვაზე პასუხს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებაშივე შეგვიძლია გავეცნოთ. როგორც ირკვევა, საკრედიტო რეესტრში დარეგისტრირება ყველა კომერციული ბანკისთვის სავალდებულო, ხოლო სხვა საფინანსო ორგანიზაციებისთვის ნებაყოფლობითი იქნება.
თითქოს ყველა კითხვაზე არის პასუხი და მომდევნო სტრიქონები უკვე შეგვიძლია სხვა საკითხს დავუთმოთ, მაგრამ მანამდე ურიგო არ იქნება, ჩავუღრმავდეთ, რატომ ითხოვს ეროვნული ბანკი დებიტორთა მონაცემებს?
საბანკო ასოციაციაში აცხადებენ, რომ ინიციატივა ეროვნული ბანკის დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებშია და მიზნად საზედამხედველო ფუნქციის განხორციელებას ისახავს. კერძოდ, ეროვნულმა ბანკმა, ბრძანებით დადგენილი ინფორმაციის მიღების შემდეგ, რისკების ანალიზი უნდა გააკეთოს, განახორციელოს სესხების დინამიკის მონიტორინგი და ა.შ. თუმცა, კომერციული ბანკების მხრიდან პერსონალური ინფორმაციის გაცემაში საბანკო ასოციაცია გარკვეულ რისკებსაც ხედავს. კერძოდ, როგორც ამ უწყების წარმომადგენლები განმარტავენ, ინფორმაციის სტრუქტურა და შინაარსი მასშტაბურია, მათ შორის კლიენტების პერსონალურ მონაცემებზეა საუბარი. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ, კობა გვენეტაძის უწყების განცხადებით, ამ ინფორმაციის დამუშავება მაქსიმალური სიფრთხილით მოხდება და მათი დამუშავებაც მხოლოდ კონკრეტული მიზნებისთვის იქნება გათვალისწინებული, პერსონალური ინფორმაციის ამ ტიპის და ამ ფორმით გადაცემა, მათ შორის ეროვნული ბანკისთვის, მაინც მიუღებელი იყო. უნდა გვახსოვდეს, რომ ეროვნულ ბანკს კომერციული ბანკები მისი მოთხოვნის საფუძველზე, ნებისმიერ დროს ინდივიდუალურად გადასცემენ ყველა ტიპის ინფორმაციას, მათ შორის პერსონალურს, კრედიტებზე და ა.შ.
კონკრეტულად რა რისკებს ხედავენ საბანკო ასოცაციაში?
„აქ ორი მთავარი მომენტია. პირველი – პერსონალური მონაცემების ამ ტიპის გადაცემა, ინფორმაციის შინაარსიდან გამომდინარე, გაურკვეველი და დაუსაბუთებელია, რა საჭიროა?! შესაძლოა, კონკრეტულ კრედიტებზე ყოფილიყო მხოლოდ ინფორმაცია გადაცემული და არა მსესხებლების თაობაზე. მეორე − ანგარიშგების საფუძველზე უნდა დაიხარჯოს გარკვეული რესურსი, ფინანსები და ა.შ. COVID-19-ის პანდემიის პერიოდში ვართ, კომერციულ ბანკებს სამუშაო რეჟიმი ისედაც გართულებული აქვთ და ახლა დამატებით შემოგვაქვს კიდევ ერთი ანგარიშგება, რომლის განხორციელება არ არის ისეთი მნიშვნელოვნი, რომ საბანკო სექტორს სწორედ ახლა დამატებოდა ვალდებულებად“, − აცხადებს საბანკო ასოციაციის იურისტი იოსებ ქურდაძე.
რა სარგებლობას მოუტანს საკრედიტო რეესტრი ეროვნულ ბანკს და წაადგება თუ არა ის კობა გვენეტაძის უწყების საზედამხედველო ფუნქციის განხორციელებას – დრო გვიჩვენებს და დაველოდოთ. ამასობაში "კრედიტ-ინფომ" სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა და გაირკვა, რომ ქვეყანაში გაცემული სესხების 92 პროცენტი და მსესხებლების 88,6 პროცენტი კომერციულ ბანკებზე, ანუ იმ სექტორზე მოდის, რომლისთვისაც საკრედიტო რეესტრში მონაწილეობა სავალდებულო გახდა. მიმდინარე წლის ივნისის მონაცემებით, გაცემულია 28,674 მილიარდი ლარის სესხი, საიდანაც 26,358 მილიარდი კომერციული ბანკების წილია. ამავე სტატისტიკის მიხედვით, ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებადი სხვა საფინანსო ინსტიტუტების დებიტორი ნახევარ მილიონზე მეტი, 555.887 ადამიანია, გაცემული სესხების მოცულობა 1,790 მილიარდ ლარს შეადგენს. 21.316 ადამიანს კი სალიზინგო, სამშენებლო და სხვა ტიპის კომპანიის, ჯამში 525,2 მილიონი ლარი მართებს.
საგულისხმოა, რომ მიმდინარე წლის ივნისის მდგომარეობით, მსესხებლების 13 პროცენტი სასესხო ვალდებულებას ვერ აუდის. კერძოდ, ერთი თვიდან სამ წლამდე ვადაგადაცილება 237.512 დებიტორს უფიქსირდება. ხელშეკრულების რაოდენობა 446.830-ს შეადგენს. ივნისის მდგომარეობით, 1.820.876 ადამიანს საფინანსო სექტორის ჯამში 28,674 მილიარდი ლარის მოცულობის ვალი აქვს.
სტატისტიკურ მონაცემებით, ქვეყნის საფინანსო ბაზარზე საბანკო სექტორის წილმა უკვე 95 პროცენტს გადააჭარბა. რატომ? როგორც ანალტიკოსები აღნიშნავენ, მას შემდეგ, რაც ეროვნულმა ბანკმა საკრედიტო ორგანიზაციებს მკაცრი რეგულაციები დაუწესა, არასაბანაკო სექტორის წილი 5 პროცენტს ჩამოსცდა, ხოლო წამყვანმა კომერცულმა ბანკებმა პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარეს.
შეგახსენებთ, რომ ეროვნულმა ბანკმა საკრედიტო სფეროს რეგულირების გამკაცრება 2017 წლიდან დაიწყო. წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ჯერ 100 პროცენტამდე, შემდეგ კი 50 პროცენტამდე შემცირდა. არაუზრუნველყოფილ სესხზე შემოსავლების რაიმე ფორმით დადასტურება სავალდებულო გახდა. ეროვნულ ბანკი საპროცენტო განაკვეთზე ჭერის დაწესებით არ დაკმაყოფილებულა. საბანკო სექტორის მთავარმა მარეგულირებელმა უცხოურ ვალუტაში სესხის გაცემა ჯერ 100.000 ლარამდე, შემდეგ 200.000 ლარამდე აკრძალა, რითიც მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს დოლარსა და ევროში დაკრედიტება ფაქტობრივად შეეზღუდათ. ამავე პერიოდში დაწესდა მსესხებლის ე.წ. საკრედიტო კოეფიცენტი, რომლის მოცულობაც მსესხებლის შემოსავალზეა დამოკიდებული. თუ პირს ხელზე ასაღები ხელფასი 1000 ლარი აქვს, მისი საკედიტო ტვირთი თვეში 250 ლარზე მეტი არ უნდა იყოს. საკრედიტო კოეფიცენტის გათვალისწინება საფინანსო სექტორისთვის სავალდებულო გახდა. ამ და სხვა მკაცრ რეგულაციებს ათეულობით მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დახურვა მოჰყვა. მალევე გამსხვილება პატარა ბანკებმაც დაიწყეს.
ლომბარდების ჯერი 2020-2021 წლებში დადგა. საკრედიტო ინსტიტუტები, ეროვნული ბანკის გარდა, ანგარიშვალდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს წინაშეც აღმოჩნდნენ. მათ 2021 წლის აპრილამდე უწყებისთვის თითოეული კლიენტისა და მათ მიერ ჩაბარებული ნივთის შესახებ ინფორმაციის მიწოდება დაევალათ. რეგულაციების მიზანი ნაქურდალი ნივთების გასაღების პრევენცია იყო.
და, ბოლოს, დღევანდელი მონაცემებით, საფინანსო ბაზარზე ძალთა თანაფარდობა ასე გამოიყურება: კომერციული ბანკების წილი 95,1 პროცენტია, მიკროსაფინასო ორგანიზაციების − 2,5 პროცენტი, სადაზღვევო კომპანიების – 1,5 პროცენტი, ლომბარდების – 0,8 პროცენტი და საბროკერო კომპანიების – 0,15 პროცენტი.