მომღერალმა მარიკა თხელიძემ და გიორგი მანველიძემ ქორწილი შაბათს ბათუმში გადაიხადეს. მომღერალი საყვარელი ადამიანის გამო აჭარაში ჯერ კიდევ მარტში გადავიდა საცხოვრებლად, რადგან მისი რჩეული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრია. ქორწილის კადრებს სოციალურ ქსელში მომღერლის უახლოესი მეგობრები ავრცელებენ.
ქორწილს მეუღლესთან ერთად დაესწრო ნინი ქარსელაძე, რომელსაც შავი ელეგანტური კაბა ეცვა და მეგობრის ქორწილში სიმღერებიც შეასრულა. თბილისიდან შავი ზღვისპირეთში ჩავიდნენ ასევე თიკა ჯამბურია, ანსამბლი „შვიდკაცა“ და მომღერალი დათუნა სირბილაძე.
მარიკასა და გიორგის ერთმანეთი საერთო მეგობარმა ნინი ქარსელაძემ გააცნო. სიმპათია პირველივე შეხვედრაზე გაჩნდა, თუმცა თავიდან დამეგობრდნენ. მოგვიანებით ბათუმში დასასვენებლად ჩასული მარიკა მალე მიხვდა, რომ მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდა და სულ სხვა თვალით შეხედა მომავალ ქმარს. ხელის მოწერის ცერემონია ქორწილამდე რამდენიმე თვით ადრე გაიმართა.
„მარიკა თხელიძე სულ იყო ჩემს ცხოვრებაში. სანამ მას გავიცნობდი, მის სიმღერებს ვუსმენდი და ძალიან მომწონდა, მის მიმართ სიმპათიით ვიყავი განწყობილი. თუმცა, თუ ერთ დღესაც ჩემი ცოლი გახდებოდა, ვერ წარმოვიდგენდი… საოცარი ადამიანია, ძალიან კარგი მეგობარი და მოსიყვარულე მეუღლე. მან სრულიად შეცვალა ჩემი ცხოვრება და ყოველი დღე გამიხალისა“, – აცხადებს გიორგი მანველიძე.
მარიკა თხელიძეს პირველი ქორწინებიდან 4 წლის ნიკოლოზი ჰყავს. პირველ ქორწინებაში იყო გიორგი მანველიძეც. როგორც მის დეკლარაციაში ვკითხულობთ, პოლიტიკოსის მეუღლე ხატია კომახიძე გახლდათ. წყვილს ორი საერთო შვილი ჰყავს, 13 წლის რეზო და 8 წლის ბარბარე მანველიძეები.