კვარაცხელია შესაძლოა ყაზანში კიდევ ერთი სეზონი დარჩეს. ორი ქართული კლუბი ევროასპარეზს გამოეთიშა
„ჯერ კიდევ „რუბინის“ ფეხბურთელი ვარ. არ ვიცი რა იქნება მომავალში. ყაზანი მიყვარს და მოხარული ვიქნები, თუ „რუბინში“ დავრჩები“, – ეს განცხადება ხვიჩა კვარაცხელიამ სეზონის შემაჯამებელ ღონისძიებაზე გააკეთა.
ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი მთელი სეზონის განმავლობაში ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნას კვარაცხელიას გამო ელოდა. ევროპული კლუბების ინტერესსა და კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერებზე უკვე დიდი ხანია იწერება, თუმცა ფაქტია, რომ ქართველი შემტევი კვლავ „რუბინთან“ ერთად იმყოფება და ამხანაგურ მატჩებშიც აქტიურად მონაწილეობს.
20 წლის ქართველი ფეხბურთელი გასულ კვირაში „რუბინის“ გულშემატკივრებმა 2020/21 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ხვიჩამ რუსეთის ჩემპიონატში გასულ სეზონში 23 მატჩში ოთხი გოლი და რვა საგოლე პასი მიითვალა. ის პორტალ Transfermarkt-ზე 18 მილიონად არის შეფასებული, თუმცა რუსული კლუბის ხელმძღვანელობა ქართველს 20 მილიონ ევროდ აფასებს.
ხვიჩას ამბების გარდა, „კონფერენს ლიგისა“ და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე განმეორებითი შეხვედრები ჩაატარეს ქართულმა კლუბებმა. ბათუმის „დინამომ“ სან მარინოს „ტრე პენესთან“ ამ შემთხვევაშიც დამაჯერებლად იმარჯვა და მომდევნო ეტაპის საგზურიც მოიპოვა, სადაც უკვე ქართული კლუბი ბევრად ძლიერ „ბატეს“ დაუპირისპირდება. აღსანიშნავია, რომ ბათუმელებმა სან მარინოს გუნდს ორი მატჩის ჯამში შვიდი უპასუხო გოლი გაუტანეს. სამწუხაროდ, „კონფერენს ლიგას“ გამოეთიშნენ გორის „დილა“ და „გაგრა“. გორელებს პირველი წაგებული შეხვედრის (5:1) შემდეგ მეორე ეტაპზე გასვლის მინიმალური შანსი ჰქონდათ, თუმცა ქართველმა ფეხბურთელებმა მხოლოდ პრესტიჟის ორი გოლი გაიტანეს და „ჟილინას“ მორიგი შეხვედრისთვის ხასიათი გაუფუჭეს (2:1). „გაგრას“ შემთხვევაში განმეორებით მატჩში ინტრიგა ნამდვილად შენარჩუნებული იყო. ქართულ კლუბს პირველი შეხვედრა „სუტიესკასთან“ მინიმალური სხვაობით ჰქონდა წაგებული, განმეორებით მატჩში კი გაგრელებს გამარჯვებამდე სულ ცოტა დააკლდათ. გუნდებმა გოლები გაცვალეს და საბოლოოდ შეხვედრა ფრედ დასრულდა, ორი მატჩის ჯამში გამარჯვებული „სუტიესკა“ შემდეგ ეტაპზეა. ყველაზე დიდი იმედგაცრუება იყო თბილისის „დინამოს“ მორიგი მარცხი ბაქოს „ნეფთჩისთან“, სადაც დედაქალაქელებმა, მსგავსად პირველი შეხვედრისა, სტუმრადაც 2:1 წააგეს. დინამოელებს აზერბაიჯანში გამგზავრებამდე გულშემატკივრებიც კი შეხვდნენ, თუმცა მათი გამხნევება უშედეგო გამოდგა. საბოლოოდ „დინამომ“ ჩემპიონთა ლიგიდან „კონფერენს ლიგაზე“ გადაინაცვლა და ბათუმელებთან ერთად უეფას მიერ შექმნილ ახალ ტურნირზე ეცდება წარმატების მიღწევას.
ბასილაშვილი ჰამბურგს პირველივე მატჩის შემდეგ დაემშვიდობა, ბოლქვაძემ კი ამჯერად ერთეულთა თანრიგში იმარჯვა
ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი გერმანიის ქალაქ ჰამბურგში გამართულ საერთაშორისო ტურნირს მეოთხედფინალური ეტაპიდან გამოეთიშა.
საქართველოს პირველი ჩოგანი სერბ ლასლო ჯერეს შეხვდა და სულ რაღაც ერთ საათში დამარცხდა. ჯერემ ბასილაშვილს ორ სეტში ანგარიშით 6:2, 6:2 უშანსოდ მოუგო.
Николоз Басилашвили
© AP Photo / Jason DeCrow
ნიკოლოზი აღნიშნულ ტურნირზე მე-3 ნომრად იყო განთესილი. ის პირველ რაუნდში ისვენებდა, მეორეში კი მასთან სათამაშოდ არგენტინელი სებასტიან ბაეზი არ გამოცხადდა, რომელსაც შეხვედრამდე ერთი დღით ადრე კორონავირუსი დაუდასტურდა. აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილს ჰამბურგის ტურნირი 2018 და 2019 წლებში მოგებული აქვს.
Теннисистка Мариам Болквадзе
© AFP 2024 / AL BELLO
„ყაზახეთის დედაქალაქი ჩემს გულში სამუდამოდ დარჩება. აქ ყოველთვის დიდი სიხარულით ჩამოვალ“, – ასე გამოეხმაურა ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე ნურ-სულთანში მოპოვებულ გამარჯვებას.
მარიამ ბოლქვაძე ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში გამართული საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა. მან ფინალურ ეტაპზე პირველ ნომრად განთესილი რუსი ვალერია სავინიხი დაამარცხა. ბოლქვაძემ პირველი სეტი დათმო, თუმცა ქართველმა მატჩში დაბრუნება მოახერხა და საბოლოოდ ანგარიშით 4:6, 6:3, 6:2 იმარჯვა.
აღსანიშნავია, რომ ბოლქვაძისთვის კარიერაში ეს მეხუთე ტიტულია. თუმცა, მას ასეთი მასშტაბის ჩემპიონატი ჯერ არ მოუგია.
სკანდალური ინფორმაცია გავრცელდა გასულ კვირაში ქართველი ჩოგბურთელის ოქსანა კალაშნიკოვას შესახებ. საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციაზე განაწყენებულმა კალაშნიკოვამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ის აღნიშნავს, რომ ოლიმპიადაზე მონაწილეობას მისთვის გაუგებარი მიზეზების გამო ვერ შეძლებს.
„ძალიან ნაღვლიანი ამბავია, როცა იგებ, რომ თურმე ტოკიოს ოლიმპიადაზე მოხვდი, მაგრამ ვერ მიდიხარ, რადგან განაცხადი არ გაუგზავნიათ. ოლიმპიადაზე მონაწილეობა ჩემი ოცნება იყო. ყველგან ამაყობენ, რაც უფრო მეტი მონაწილე ჰყავთ ოლიმპიადაზე, მაგრამ, როგორც ჩანს, ჩემი ქვეყანა მათ შორის არაა. კონკრეტულად ვისი ბრალია არ ვიცი, უბრალოდ, განაცხადი არ გაგზავნეს. არ ვიცი, რა მოხდა, არავინ მეუბნება ოფიციალურ პასუხს“, – დაწერა კალაშნიკოვამ.
ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია ოლიმპიურ კომიტეტთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. მხარეები მომხდარი გაუგებრობის მოგვარებას ცდილობენ.
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი კორონავირუსს ებრძვის
Главный тренер сборной Грузии по регби Леван Маисашвили
© Georgian Rugby
„ბორჯღალოსანთა“ მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი, რომელიც კორონავირუსით დაავადდა, სამხრეთ აფრიკაში მკურნალობს. ბოლო ინფორმაციით, ის ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება.
ეროვნული ნაკრების ექიმმა ნუცა შამათავამ მაისაშვილის მდგომარეობაზე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში ისაუბრა.
„დღეს ლევანი იოჰანესბურგის ერთ-ერთ ყველაზე მაღალი დონის საავადმყოფოში გადავიყვანეთ. იქ ინოვაციური აპარატი აქვთ, რომელიც COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტებისთვის გამოიყენება. საქმეში ჩართულია საქართველოს მხარე, ჯანდაცვის სამინისტრო და ქართველი ექიმებიც კურირებენ მის მდგომარეობას”, – აღნიშნა შამათავამ.
აღსანიშნავია, რომ მაისაშვილს კორონავირუსი სამხრეთ აფრიკაში დაუდგინდა, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონებთან ტესტ-მატჩებისთვის ემზადებოდა. კორონავირუსი დაუდასტურდა ნაკრების რამდენიმე მოთამაშესაც, თუმცა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გართულებულა.
საქართველოს რაგბის ნაკრებსა და მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს შორის პირველი ტესტ–მატჩი, რომელიც 2 ივლისს გაიმართა, სამხრეთ აფრიკის გუნდის გამარჯვებით – 40:09 დასრულდა. სამხრეთ აფრიკასთან განმეორებით შეხვედრასთან ერთად, 17 ივლისს თბილისში დაგეგმილი შოტლანდიასთან მატჩიც გაუქმდა.