პოლიციამ ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტზე კიდევ ერთი პირი დააკავა

როგორც შსს-ში აცხადებენ, დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-დაკავების მიზნით საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები  გრძელდება.
Sputnik
თბილისი, 18 ივლისი - Sputnik. სამართალდამცველებმა ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ასევე ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე წარსულში ნასამართლევი, 24 წლის პირი დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც გამოძიებამ დაადგინა, მიმდინარე წლის 5 ივლისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე „თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს ბრალდებულმა „TV პირველის" ოპერატორს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
„TV პირველის" ოპერატორის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე პოლიცია კიდევ ერთი პირი 14 ივლისს დააკავა.
შსს-ს ინფორმაციით, ამ დროისათვის 5 ივლისს „თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებებისთვის სულ დაკავებულია 24 პირი.
5 ივლისს ნაცემ ფოტოკორესპონდენტს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა
პროკურატურის მიერ 16 ივლისს გავრცელებული ინფორმაციით, „თბილისი პრაიდის” წინააღმდეგ გამართული აქციის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამ დროისთვის, ბრალი 24 პირს წარედგინა.
თბილისში არეულობები 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის" კვირეულის დასკვნით დღეს დაიწყო, რომელიც სექს-უმცირესობების უფლებების დამცველების მიერ იყო ორგანიზებული. ამ დღეს დილიდან ხმაურით მიმდინარეობდა ლგბტ-საზოგადოების მოწინააღმდეგეთა კონტრაქცია, რომლებიც ყველანაირად ცდილობდნენ დაგეგმილი „ღირსების მარშის" ჩატარებისთვის ხელის შეშლას. საბოლოოდ მათ მიზანს მიაღწიეს და „ღირსების მარში" გაუქმდა. თუმცა ამან კონტრაქციის მონაწილეები ვერ დააშოშმინა.
შედეგად ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეთა აქცია არეულობებში გადაიზარდა. მოწინააღმდეგეები აგრესიულად იყვნენ განწყობილი ჟურნალისტების მიმართ და მათ მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ. გარდა ამისა, დემონსტრანტებმა რიგი საზოგადოებრივი ორგანიზაციების ოფისები დაარბიეს. შსს-ს ცნობით, თბილისში დაახლოებით 20 „ცხელი წერტილი" იყო. ოფიციალური მონაცემებით, ამ დღეს დაშავდა 55 ადამიანი, აქედან 53 მასმედიის წარმომადგენელი იყო. მათ შორის იყო „TV პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც ცემიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.