თბილისი, 18 ივლისი - Sputnik. დღეს პარლამენტის შენობასა და მიმდებარე ტერიტორიაზე შესვლის მსურველთათვის შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საკანონმდებლო ორგანო ავრცელებს.
დღეს, 18 ივლისს კანონმდებლების წინაშე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური წარდგება. რიგგარეშე სესიაზე მინისტრს თბილისში 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დეპუტატების კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს.
როგორც პარლამენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, უსაფრთხოების დამატებითი ზომების მიღების მიზანი „შესაძლო პროვოკაციების პრევენციაა“.
„აღნიშნული ღონისძიების მიზანია შესაძლო პროვოკაციების პრევენცია და საქართველოს პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის სამუშაო პირობების უზრუნველყოფა“, – ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, შეზღუდვა არ შეეხება მედიის წარმომადგენლებს და მათ პარლამენტის შენობაში ჩვეულ რეჟიმში, წინასწარ შეთანხმებული გადამღები ჯგუფების რაოდენობისა და საშვების საფუძველზე დაუშვებენ.
შეზღუდვა „საქართველოს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის N259/3 ბრძანებით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად იმოქმედებს.
აღსანიშნაბია, რომ გომელაურს დეპუტატების წინაშე გამოსვლა მოუწევს საპროტესტო აქციის ფონზე - შაბათს გამართულ აქციაზე გადაწყდა, რომ დღეს 12:00 საათზე პარლამენტის წინ კვლავ შეიკრიბებიან მედიის წარმომადგენლები. მათ მოუწოდეს ოპოზიციონერ დეპუტატებს „გახდნენ ჟურნალისტების ხმა“.
არეულობა თბილისში 5 ივლისს დაიწყო, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისის პრაიდის" მიერ კვირეულის დასკვნითი ღონისძიების „ღირსების მარშის" ჩატარება იგეგმებოდა. ამ დღეს ხმაურიანი კონტრაქცია დილიდანვე დაიწყო, ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეები შეეცადნენ წინააღმდეგობა გაეწიათ ღონისძიების ჩატარებისთვის და საწადელს მიაღწიეს კიდეც - „ღირსების მარში" გაუქმდა, თუმცა დაძაბული ვითარება ამით არ განმუხტულა.
საბოლოოდ სექს-უმცირესობების მოწინააღმდეგეთა აქცია არეულობაში გადაიზარდა - „ტრადიციული ფასეულობების მომხრეთა" მთელი აგრესია მედიასაშუალებების გადამღებ ჯგუფებს დაატყდა თავს, ისინი მათ სასტიკად გაუსწორდნენ. გარდა ამისა, რადიკალური დაჯგუფებების წევრებმა დაარბიეს „თბილისი პრაიდისა" და პარტნიორი ორგანიზაციების ოფისები.
შსს-ს ცნობით, თბილისში 20 „ცხელი წერტილი" იყო, ადგილზე 3,2 ათასი სამართალდამცველი იყო მობილიზებული. ოფიციალური ინფორმაციით, იმ დღეს 55 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 53 მასმედიის წარმომადგენელი იყო. დაშავებულთა შორის იყო „TV პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავაც, რომელიც 5 ივლისს ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეებმა სასტიკად სცემეს. იგი მომხდარი ფაქტიდან მეექვსე დღეს გარდაიცვალა. ტელეოპერატორს ტვინის შერყევა და სახის ძვლების მოტეხილობები დაუდგინდა და სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. მან კლინიკაში რამდენიმე დღე დაჰყო.
ოპერატორის გარდაცვალებამ თბილისისა და ქვეყნის დიდი ქალაქების ქუჩებში პრაქტიკულად ყველა ჟურნალისტი და ათი ათასობით ადამიანი გამოიყვანა. რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე შეკრებილებმა მთავრობას ულტიმატუმი წაუყენეს – ისინი პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის სრული შემადგენლობის გადადგომას მოითხოვენ.
„თბილისი პრაიდის” წინააღმდეგ გამართული აქციის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამ დროისთვის, ბრალი 24 პირს წარედგინა. მათი დიდი უმრავლესობა სასამართლოს განაჩენს საპატიმროში ელოდება.
ამ ეტაპზე, საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 42 პირი, მათ შორის, 36 ჟურნალისტი და ოპერატორი.