შიდა ქართლში ხორბლის მოსავლის აღების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს

შიდა ქართლის, კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში 14 ათას ჰექტრამდე ფართობზე მარცვლოვანი კულტურების მოსავალი უკვე აღებული და დაბინავებულია, აცხადებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში.
Sputnik
თბილისი, 17 ივლისი - Sputnik. შიდა ქართლის რეგიონში ხორბლის აღების პროცესი აქტიურ ფაზაშია, ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში 120 ჰექტარზე „ლომთაგორას“ ჯიშის ხორბალს, 50 ჰექტარზე ქერს და 100 ჰა ფართობზე იონჯას კომპანია Silk Water Group აწარმოებს.
სამინისტროს ინფორმაციით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან, ვალერიან მჭედლიძესთან ერთად, შინდისში ფართობზე ხორბლის აღების პროცესს - ალოობას დაესწრო.
„ალოობა აქტიურ ფაზაშია. მოსავლის აღება ერთდროულად იწყება კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში, რაც გარკვეულ სირთულეს ქმნის მოსავლის აგროვადების დაცვით აღებისა და დაბინავების კუთხით. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ პიკური პერიოდი უკვე გავლილია, ხოლო მოსავლის დიდი ნაწილი უკვე დაბინავებული“, - აღნიშნა მინისტრმა.
მისი თქმით, წელს მარცვლეული კულტურების მოსავალი კარგია როგორც ხარისხობრივი, ისე რაოდენობრივი თვალსაზრისით, რაც სისტემურ ცვლილებებს უკავშირდება.
სამინისტროს ცნობით, მარცვლოვანი კულტურების მოსავლის აღება აგროვადების დაცვით, შეუფერხებლად მიმდინარეობს. ქვეყნის მასშტაბით, მობილიზებულია შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიის“ 95 ერთეული კომბაინი.
აღნიშნული ტექნიკის საშუალებით, შიდა ქართლის, კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში, ჯამში, 14 ათას ჰექტრამდე ფართობზე, მარცვლოვანი კულტურების მოსავალი უკვე აღებული და დაბინავებულია.