თბილისი, 16 ივლისი – Sputnik. გახდეს სასამართლო დამოუკიდებელი და გაიზარდოს მოქალაქეების მისდამი ნდობა ძალზე მარტივია, თუ პოლიტიკური ნება იქნება, მიიჩნევს სამართლის დოქტორი, პროფესორი ვენედი ბენიძე.
ამის შესახებ მან განაცხადა მრგვალი მაგიდის მიმდინარეობისას თემაზე „სასამართლო რეფორმა საქართველოში – პრობლემები და პერსპექტივები“, რომელიც Sputnik–საქართველოს მულტიმედიურ პრეს–ცენტრში პარასკევს გაიმართა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა იურისტი გიორგი ხუროშვილი.
„ამბობენ, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობას სწრაფად ვერ მიაღწევ. რატომ არა? ამის გაკეთება ერთ წუთში შეიძლება. უნდა გააფრთხილო ხელისუფლების ყველა შტო, რომ როგორც კი ის მოსამართლეს დაურეკავს კონკრეტულ საქმეზე, მისი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება. ამაზე მეტი დამოუკიდებლობა არ შეიძლება იყოს, როდესაც მოსამართლემ იცის, რომ მას არავინ დაურეკავს“, – მიიჩნევს ბენიძე.
Венеди БЕНИДЗЕ Пресс-конференция на тему: "Судебная реформа в Грузии – проблемы и перспективы"
მისი განცხადებით, სასამართლოების მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება იმითაა გამოწვეული, რომ სასამართლო – ეს ისეთი საკვანძო სტრუქტურაა, რომელშიც თავისი ხელისუფლების გამტკიცების მიზნით ერევიან. სასამართლო ორგანოს მიმართ უნდობლობის პრობლემის გადაჭრა შეიძლება და აუცილებელია, რადგან სასამართლოს გამართული მუშაობა, მისი ობიექტურობა და მიუკერძოებლობა სახელმწიფოს განვითარების გარანტია.
რეფორმები მხოლოდ ვნებს
ახალგაზრდა იურისტი გიორგი ხუროშვილი მიიჩნევს, რომ სასამართლო სისტემის დაუსრულებელი რეფორმები მას არათუ არ ანვითარებს, არამედ ვნებს კიდეც.
„რეფორმის მიზანია კონკრეტული სისტემა უფრო კარგად იყოს გათვლილი და ის უკეთესობისკენ შეიცვალოს. მაგრამ სასამართლო სისტემა სახელმწიფოს ხერხემალია, რომელიც დიდ გონივრულობას მოითხოვს, რადგან ნებისმიერი რეფორმა, რომელიც სასამართლო სისტემაში იქნა რეალიზებული, აისახება მის იმიჯზე და მისდამი საზოგადოების დამოკიდებულებაზე“, – განაცხადა ხუროშვილმა.
Георгий ХУРОШВИЛИ Пресс-конференция на тему: "Судебная реформа в Грузии – проблемы и перспективы"
იურისტის თქმით, საზოგადოების ნდობის ამაღლება სასამართლოს მიმართ თავად მოსამართლეებს შეუძლიათ, თუ ადამიანებს თავიანთ მიუკერძოებლობას დაუმტკიცებენ საქმით.
„ახლა უკვე უშუალოდ მოსამართლეზეა დამოკიდებული, როგორ განახორციელებს ის სასამართლო ხელისუფლებას. ანუ, როგორ მიიტანს ის მართლმსაჯულებას ხალხამდე. სასამართლოს ავტორიტეტს, პირველ რიგში, მოსამართლე განსაზღვრავს თავისი განხილული საქმით. თუ ის კარგად განიხილავს ერთ, ორ, სამ ან ას საქმეს, ბუნებრივია, სასამართლოს მიმართ ნდობა გაიზრდება. ეს ბუნებრივი პროცესია“, – მიიჩნევს ის.
ამ მოსაზრებას სრულად არ იზიარებს ბენიძე, რომელიც ვარაუდობს, რომ დღევანდელი იდეოლოგიის გათვალისწინებით, რომელიც სასამართლო სისტემის ირგვლივ არის გავრცელებული, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს სასამართლომ ამა თუ იმ საქმეზე, საზოგადოება მაინც უკმაყოფილო იქნება. თითოეულ სასამართლო პროცესზე ორი მხარეა და გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაში ერთი მხარე უკმაყოფილო დარჩება განაჩენით.
სასამართლო რეფორმა და მართლმსაჯულების დამოუკიდებელი სისტემა ერთ–ერთი ყველაზე მწვავე საკითხია, რომლის თაობაზეც პოლიტიკურ წრეებში მძაფრი პოლემიკა მიმდინარეობს. ოპოზიცია აცხადებს, რომ ქართულ სასამართლოებს კლანები მართავენ, ხოლო მმართველ პარტიაში ამ ვერსიას კატეგორიულად უარყოფენ და აღნიშნავენ, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა მთლიანად დამოუკიდებელია.
ამასთან სასამართლო სისტემა საქართველოში ის სფეროა, რომელსაც ყველაზე მეტად აკრიტიკებენ საერთაშორისო ორგანიზაციები და პარტნიორები. მათ არაერთხელ მოუწოდეს ხელისუფლებას მართლმსაჯულების საფუძვლიანი რეფორმის ჩატარებისკენ.
„ამერიკელები ითხოვენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის შეჩერებას, სანამ პროცესი გამჭვირვალე არ იქნება. ვინც იცის კანონმდებლობა, ორგანული კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ“, იქ პროცესი საკმაოდ გამჭვირვალეა. და თუ კანონი დაცული იქნება, არანაირი პრობლემა არ შეიქმნება. ნებისმიერი კანონის დამახინჯება შეიძლება მონდომების შემთხვევაში“, – განაცხადა ბენიძემ.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა უკვე გამოხატეს შეშფოთება საქართველოს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს ექვსი მოსამართლის დანიშვნასთან დაკავშირებით. მათი აზრით, ეს 19 აპრილის შეთანხმების დარღვევაა, რომელსაც ხელი მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ მოაწერეს.