თბილისი, 16 ივლისი - Sputnik. დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსზე ერთჯერადად ვაქცინირებულ პირებში გარდაცვალების 12 შემთხვევაა დაფიქსირებული, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
რაც შეეხება კორონავირუსზე ორჯერადად აცრილ პირებს, გამყრელიძის ინფორმაციით, გარდაცვალების ფაქტი არ დაფიქსირებულა, თუმცა კვლევა ერთ შემთხვევაზე მიმდინარეობს.
„არ მინდა გადაუმოწმებელ საკითხზე ვისაუბრო, მიმდინარეობს კვლევა ერთ შემთხვევაზე და მოგვიანებით დაგიდასტურებთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა, სამწუხაროდ, საქართველოში შეზღუდვების მოხსნა ძალიან სწრაფად, ნაჩქარევად მოხდა, თუმცა მიიჩნევს, რომ ეკონომიკისთვის საჭირო იყო გარკვეული თავისუფლება.
„ქვეყნის ეკონომიკისთვის საჭირო იყო გარკვეული თავისუფლება. ამიტომ ვცდილობთ, ოქროს შუალედით იყოს გადაწყვეტილებები მიღებული. მაგრამ გეთანხმებით, რომ შეზღუდვების მოხსნა მთელი რიგი მიმართულებებით იყო დაჩქარებული“, – აღნიშნა გამყრელიძემ.
დღესდღეობით საქართველოში თითქმის ყველა შეზღუდვა გაუქმებულია.
დარჩენილი შეზღუდვებიდან მოქმედებს პირბადის ტარების რეჟიმი საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეებში, აკრძალულია სოციალური ღონისძიებების ჩატარება და ღამის კლუბების მუშაობა.
ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესების გამო დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე რამდენიმე დღის წინ სამი რეკომენდაციით წარდგა – ვაქცინაციის პროცესის გააქტიურება, ტესტირების გაფართოება და არსებული რეკომენდაციებისა და შეზღუდვების სრულად დაცვა.
საქართველოში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 1.653 შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 384 ათასს გადააჭარბა.