„შური იძია...“ - ვინ არის კაცი, რომელიც ერთი დღის შერთული ცოლის ძმამ მოკლა

გლდანში მომხდარ საზარელ მკვლელობაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ნახეთ რატომ დაუნგრია ოჯახური ბედნიერება ძმამ დას
Sputnik
თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. გლანდში 14 ივლისს მოკლული 30 წლის გეგი ნი­გუ­რი­ა­ნია, ხოლო მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი მისი ახალ­შერ­თუ­ლი ცო­ლის ძმა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობა სიყვარულის ისტორიას უკავშირდება, ახალ­გაზ­რდა კაცს ცოლი ერთი დღის მოყვანილი ჰყავდა, ის უკრაინიდან ახალი ჩამოსული იყო და მკვლელობაში ბრალდებულის, გეგი ღვაჩლიანის დაზე იყო შეყვარებული. 30 წლის გეგი ნიგურიანს მანქანიდან რამდენიმე ტყვია ცოლის ძმამ ესროლა.
როგორც „პრაიმტაიმს” მესტიის მკვიდრმა, მოკლულის ოჯახის ახლობელმა განუცხადა, გეგი და ნინო ღვაჩლიანი ბავშვობიდან შეყვარებულები იყვნენ, გარკვეული მიზეზების გამო, ნიგურიანმა საქართველო დატოვა, ხოლო ნინომ სხვაზე იქორწინა და ერთი ბავშვი ეყოლა. მას შემდეგ, რაც ნინო ღვაჩლიანის ქორწინება უიღბლო აღმოჩნდა და ქალი ქმრისგან წავიდა, გეგი ნიგურიანმა გაიგო, საქართველოში დაბრუნდა და მასზე დაქორწინება გადაწყვიტა.
რაც შეეხება მკვლელობის მოტივს, მესტიის მკვიდრნი ამბობენ, რომ ძმამ შური იძია, რადგან და თავის მეგობარზე გაათხოვა. „მას არ უნდოდა დისშვილი და მეგობრის შვილი „ვიღაცას” გაეზარდა. დას ეუბნებოდა, ან ქმართან დაბრუნდი, ან მარტო დარჩიო…” – ამბობს ნიგურიანის ოჯახის ახლობელი.
გეგი ნიგურიანის სხეული სროლის ხმაზე გარეთ გასულმა ადგილობრივებმა ნახეს. დაჭრილი საავამდყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
გლდანის რაიონში მომხდარი მკვლელობა გახსნილია – დანაშაულში ეჭვმიტანილი 36 წლის წარსულში ნასამართლევი პირი დაკავებულია, იუწყება შსს-ს პრეს-სამსახური.
განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.