COVID-19 ბავშვებში: საქართველოში თავისუფალი პედიატრიული საწოლები თითქმის აღარ დარჩა

პედიატრები მშობლებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ და ამბობენ, რომ ბავშვებისა და ოჯახის წევრების დაცვის ერთ-ერთი მთავარი იარაღი სწორედ იმუნიზაციაა.
Sputnik
თბილისი, 16 ივლისი - Sputnik. საქართველოში პედიატრიული საწოლების თითქმის 100% ათვისებულია, ასევე რეანიმაციულ განყოფილებებში კორონავირუსით ინფიცირებული ბავშვების რაოდენობა მკვეთრად გაზრდილია, განაცხადა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ.
კორონავირუსით ინფიცირებული სამი ახალშობილიდან ერთი გარდაიცვალა>>
გამყრელიძე: ფრთხილად უნდა ვიყოთ! „დელტა" შტამი ბავშვებს განსაკუთრებით აზიანებს
როგორც ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, მეორე ტალღასთან შედარებით, მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, ახლა ძალიან ბევრი ბავშვი საჭირობს ჰოსპიტალიზაციას. მისი განმარტებით, სწორედ ამან განაპირობა პედიატრიული საწოლების პრაქტიკულად სრულად ათვისება.
„ამის გამო საჭირო გახდა დამატებით გამოყოფილიყო საწოლები ბავშვებისთვის. ბავშვებში უფრო მძიმედ მიმდინარეობს და უფრო ხშირად ხდება აუცილებელი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოთავსება“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
პედიატრების განცხადებით, ე.წ. ინდური შტამით ინფიცირებულ ბავშვებში დაავადება რთულად მიმდინარეობს, განსაკუთრებით წლამდე ასაკის ბავშვებში. იკვეთება გახანგრძლივებული ჰიპერთერმია და შეიძლება თან ახლდეს ქვედა სასუნთქი გზების გართულება, ასევე ზიანდება ფილტვები, ბავშვებს ახასიათებთ ზოგადი, საერთო სისუსტე.
ბავშვთა ვაქცინაციის საკითხს სპეციალური კომისია განიხილავს
გუშინ  ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ საქართველოში კორონავირუსის დიაგნოზით კლინიკებში 300 ბავშვი მკურნალობს. მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო ემზადება აგვისტოსთვის, როდესაც, სავარაუდოდ, ინდური შტამი მთლიანად ჩაანაცვლებს ბრიტანულს და ინფიცირების აფეთქებას გამოიწვევს, მათ შორის ბავშვებში.
ეპიდემიოლოგები აცხადებენ, რომ ქვეყანაში კორონავირუსის მეოთხე ტალღა უკვე დაიწყო, ამასთან, იმატებს ე.წ. ინდური („დელტა"), უფრო აგრესიული შტამის შემთხვევები.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამი უფრო ადვილად აზიანებს მომავალ თაობებს, განსაკუთრებით კი ბავშვებს.