თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. ყაზახეთის მოქალაქე აისელ აიტპაევას გაუპატიურებაში ბრალდებული ბესიკ თორდუა საპატიმროს საკანში გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას ტელეარხი „TV პირველი" ავრცელებს.
„Sputnik-საქართველო“ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში მომხდარის დეტალებს არკვევს. საქართველოს შსს-ში აცხადებენ, რომ დაწვრილებით ინფორმაციას არ ფლობენ.
ყაზახეთის მოქალაქე აისელ აიტპაევა თბილისში თავის სახლთან გარდაცვლილი 5 მაისს იპოვეს. მეორე დღესვე პოლიციამ გაუპატიურებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით ზუგდიდელი ბესიკ თორდუა დააკავა.
თორდუას დაკავებიდან ორ კვირაში პროკურატურამ ბრალდება დაუსწრებლად წაუყენა გარდაცვლილის ნათესავს მურად მ-ს. მას ახალგაზრდა ქალის გაუპატიურებისა და ცემის ორ ეპიზოდში სდებენ ბრალს.