გაბუნია: ვმსჯელობთ ვაქცინის მესამე დოზის თაობაზე

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა ბოლო დღე-ღამეში 7 ათასზე მეტმა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 324.802 ადამიანია ვაქცინირებული.
Sputnik
თბილისი, 15 ივლისი - Sputnik. მიმდინარეობს მსჯელობა ვაქცინის მესამე დოზის, ე.წ. ბუსტერის თაობაზე, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე.
გაბუნია განმარტავს, რომ ქვეყანას ვაქცინაციისთვის გარკვეული რესურსის მობილიზება მომავალ წელსაც მოუწევს, რათა ვაქცინაციის პროგრამა გაგრძელდეს.
„გარკვეული რესურსი წლევანდელი ინვესტიციის შემდეგ კვლავაც საჭირო იქნება, რათა უკვე სრული კონტროლი მივიღოთ ვაქცინაციაზე. შემდეგ უკვე მეცნიერება გვეტყვის, რამდენად იქნება საჭირო კიდევ დამატებითი ინვესტიცია“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
გაბუნია: შესაძლოა ზოგიერთი გასართობი ღონისძიება აიკრძალოს
მინისტრის მოადგილე ასევე აღნიშნავს, რომ თუ ვაქცინაციის პროცესი ეფექტური იქნება, მომავალ წელს დანაზოგი ტესტირების ნაწილში გაკეთდება.
„ის ძირითადი ჯგუფები, რომელსაც საკმაოდ დიდი რესურსი სჭირდება ტესტირებისთვის, ბიზნესჯგუფებზე მაქვს საუბარი, აცრის შემთხვევაში უკვე აღარ საჭიროებს სისტემურ ტესტირებას. ეს იქნება დანაზოგი თანხა, რაც დარჩება ბიუჯეტში, ან სხვა მიზნებისთვის იქნება გამოყენებული ჯანდაცვის სექტორში“, - აღნიშნა გაბუნიამ.
საქართველოს პარლამენტი 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებებს განიხილავს. ცვლილებების მიხედვით, ყველა სამინისტროს დაფინანსება იზრდება. ყველაზე მეტად დაფინანსება გაეზრდება ჯანდაცვის სამინისტროს, რომლის მთლიანი ბიუჯეტი 6.1 მილიარდი ლარი გახდება.
მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია ქვეყანაში 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც საქართველომ ჩინური წარმოების Sinopharm-ისა და Sinovac-ის ერთი მილიონი დოზა მიიღო.
საქართველოში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 1.398 შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 382 ათასს გადააჭარბა.