თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. სხვადასხვა საინფორმაციო საშუალების წარმომადგენლებმა და პოლიტიკოსებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართეს.
მომიტინგეებმა 5-6 ივლისს საქართველოს პარლამენტის წინ ლგბტ თემის მოწინააღმდეგეების მიერ გამართული აქციის ორგანიზატორების დასჯა და მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება კიდევ ერთხელ მოითხოვეს.
არეულობა თბილისში 5 ივლისს დაიწყო, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისის პრაიდის" მიერ კვირეულის დასკვნითი ღონისძიების „ღირსების მარშის" ჩატარება იგეგმებოდა. ამ დღეს ხმაურიანი კონტრაქცია დილიდანვე დაიწყო, ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეები შეეცადნენ წინააღმდეგობა გაეწიათ ღონისძიების ჩატარებისთვის და საწადელს მიაღწიეს კიდეც - „ღირსების მარში" გაუქმდა, თუმცა დაძაბული ვითარება ამით არ განმუხტულა.
საბოლოოდ სექს-უმცირესობების მოწინააღმდეგეთა აქცია არეულობაში გადაიზარდა - „ტრადიციული ფასეულობების მომხრეთა" მთელი აგრესია მედიასაშუალებების გადამღებ ჯგუფებს დაატყდა თავს, ისინი მათ სასტიკად გაუსწორდნენ. გარდა ამისა, რადიკალური დაჯგუფებების წევრებმა დაარბიეს „თბილისი პრაიდისა" და პარტნიორი ორგანიზაციების ოფისები.
დღეს მასმედიის წარმომადგენლები შსს-სთან მივიდნენ პლაკატებით მეუფე სპირიდონის, მეუფე ანტონისა და სხვა სასულიერო პირების გამოსახულებით, რომელებიც, აქციის მონაწილეების განცხადებით, კონტრაქციის ორგანიზატორები იყვნენ. გარდა ამისა, მედიის წარმომადგენლებმა გამოხატეს აღშფოთება იმის გამო, რომ ამ დროისათვის 5-6 ივლისის მოვლენებზე მხოლოდ 22 ადამიანია დაკავებული.
დღევანდელი აქციის ერთ-ერთი წარმომადგენლის, „მთავარი არხის” ჟურნალისტის ნათია ტრაპაიძის განცხადებით, პროტესტი არ გაჩერდება, სანამ ყველა დამნაშავე არ დაისჯება.
ქართულმა მედიასაშუალებებმა საპროტესტო აქციები განსაკუთრებით ტელეკომპანია „TV პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ გააძლიერეს. ლაშქარავა 5 ივლისს ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეებმა სასტიკად სცემეს და მომხდარი ფაქტიდან მეექვსე დღეს, 11 ივლისს ის სახლში გარდაიცვალა. კლინიკაში მიყვანისას მას ტვინის შერყევა და სახის ძვლების მოტეხილობები დაუდგინდა და სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. მან კლინიკაში რამდენიმე დღე დაჰყო. ოპერატორის გარდაცვალების შემდეგ შსს-მ უმოკლეს ვადაში გაავრცელა ინფორმაცია ლაშქარავას სისხლში სხვადასხვა ნარკოტიკული ნივთიერების კვალის აღმოჩენის შესახებ. ოპოზიცია კი აცხადებს, რომ ჟურნალისტი „სისტემის მსხვერპლია".
ოპერატორის გარდაცვალებამ თბილისისა და ქვეყნის დიდი ქალაქების ქუჩებში ათი ათასობით ადამიანი გამოიყვანა. რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე შეკრებილებმა მთავრობას ულტიმატუმი წაუყენეს – ისინი პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის სრული შემადგენლობის გადადგომას მოითხოვენ. აქციებზე არაერთხელ გაისმა მოწოდებები იმ სასულიერო პირების პასუხისმგებლობის შესახებაც, რომლებიც 5 ივლისის აქციაზე შეკრებილებს ძალადობისკენ მოუწოდებდნენ და ამით ჟურნალისტების მიმართ აგრესიის პროვოცირებას შეუწყვეს ხელი.
მასმედიის წარმომადგენელთა პროტესტი გრძელდება – შაბათს, 17 ივლისს რუსთაველის გამზირზე მორიგი აქციაა დაგეგმილი.