ხულოში ორი სახლი დაიწვა: ორი ოჯახი უსახლკაროდ დარჩა

ამ დროისთვის უცნობია, რამ გამოიწვია ხანძარი. გავრცელებული ინფორმაციით, დამწვარია ორივე საცხოვრებელი სახლი და საყოფაცხოვრებო ნივთები.
Sputnik
თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანაში ორი საცხოვრებელი სახლი დაიწვა, იუწყება „აჭარის ტელევიზია“.
ხანძარი დღეს დილით გაჩნდა, რის შედეგადაც ორივე სახლი მთლიანად დაიწვა.
ოჯახის წევრებმა სახლიდან საჭირო ინვენტარის გამოტანა ვერ მოახერხეს. ცეცხლმა ტექნიკა და საყოფაცხოვრებო ნივთები სრულად გაანადგურა.
არსებული ინფორმაციით, არჩილ და შალვა შაინიძეების მრავალწევრიანი ოჯახები ამჟამად მეზობლის სახლში აფარებენ თავს.
როგორც ხულოს მერიაში აცხადებენ, საკითხზე ზარალის შემსწავლელი კომისია იმსჯელებს, რის შემდეგაც აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან შესაბამისი კომპენსაცია გაიცემა.
ხანძრით დაზარალებულ ოჯახებს ბინის ქირით ადგილობრივი თვითმმართველობა დაეხმარება.