მგრძნობიარე კბილები: როგორ მოვიხსნათ დისკომფორტი – ოთხი მეთოდი სტომატოლოგისგან

ბრიტანელი სპეციალისტი ასახელებს რამდენიმე „შინაურულ“ მეთოდს, რაც მგრძნობიარე კბილების პრობლემის მოხსნაში დაგეხმარებათ.
Sputnik
თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. მგრძნობიარე კბილები ცივი ან ცხელი საკვების მიღებისას ტკივილსა და დისკომფორტს იწვევს, რაც შეიძლება დროებითი ან ქრონიკული მოვლენა იყოს, წერს Express-ი სტომატოლოგ მეგან ფერჰოლზე დაყრდნობით.
როგორ მოვიშოროთ კბილებიდან ნადები და რას გვირჩევს აშშ-ის სტომატოლოგთა ასოციაცია
მისი თქმით, კბილები მგრძნობიარე ხდება მინანქრის გაცვეთის გამო, რასაც სხვადასხვა მიზეზები აქვს — მინანქრის ეროზია, კბილების კრაჭუნი (ბრუქსიზმი) თუ ჯაგრისით ძლიერად წმენდა.
სტომატოლოგი ამბობს, რომ კბილების მგრძნობიარობა შეიძლება სახლის პირობებშიც მოიხსნას, თუმცა, თუ ორი კვირის შემდეგ შედეგი არ დადგა, აუცილებელია მიმართოთ ექიმს.
მეგან ფერჰოლი ასახელებს რამდენიმე მეთოდს, რომლებიც მგრძნობიარე კბილების სინდრომის მოხსნაში დაგეხმარებათ.
პირველი — ეს სპეციალური პასტებია, რომლებიც ნამდვილად აგვარებს პრობლემას.
მეორე გზაა დიეტა. ექიმი გირჩევთ, მგრძნობიარე კბილების დროს თავი აარიდოთ მჟავე საკვებისა და სასმელების მიღებას. ეს შეაჩერებს კბილის მინანქრის ეროზიას და თავიდან აგარიდებთ დისკომფორტს.
უშედეგო და ზოგჯერ საშიშიც: კბილების მკურნალობა ხალხური მეთოდებით - ექიმი გირჩევთ
გარდა ამისა, საჭიროა უარი თქვათ ტკბილეულსა და გაზირებულ წყლებზეც, ვინაიდან ეს ყველაფერი „ჭამს“ მინანქარს და აშიშვლებს დენტინს — კბილის უმეტესი ნაწილის შემადგენელ მკვრივ ქსოვილს, რომელიც უაღრესად მგრძნობიარეა შეხების, სითბოსა და სიცივის მიმართ.
კიდევ ერთი მეთოდი, რომლის გამოყენებასაც გირჩევთ ფერჰოლი — ეს კბილების წმენდის ტექნიკის შეცვლაა. საქმე ისაა, რომ ძლიერი ხეხვა კბილის მინანქარს ცვეთს — განსაკუთრებით ღრძილებთან შეხების წერტილში.
ამიტომ ექიმი გირჩევთ, მგრძნობიარე კბილების შემთხვევაში უარი თქვათ როგორც უხეშ ჯაგრისებზე, ისე აბრაზიულ კბილის პასტებზე.
„მე გირჩევდით ელექტროჯაგრისის გამოყენებას, რომელსაც ზეწოლის სენსორი აქვს. ეს დაგეხმარებათ დაადგინოთ, რამდენად ძლიერად აწვებით კბილებს წმენდისას“, — ამბობს სტომატოლოგი.
მანამდე აშშ-ის სტომატოლოგთა ასოციაციამ გამოაქვეყნა რეკომენდაციები კბილების სწორად გახეხვასთან დაკავშირებით. ამერიკელი სპეციალისტების თქმით, კბილების გახეხვისას ჯაგრისი ღრძილების მიმართ 45 გრადუსიანი კუთხით უნდა გეჭიროთ. ზედა ყბის კბილების წმენდისას ჯაგრისი ყოველ ჯერზე ქვემოდან ზემოთ, ანუ ცხვირის მიმართულებით უნდა აუსვათ, ხოლო ქვედა ყბის კბილების წმენდისას - პირიქით, ზემოდან ქვემოთ. ამ კუთხითა და მიმართულებით ხეხვით, კბილების გარდა, ღრძილების ხაზიც კარგად იწმინდება, რაც ძალზე საჭიროა და აუცილებელი.