ბასილაშვილი შემდეგ ეტაპზეა - მის მეტოქეს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბასილაშვილი, რომელიც ჰამბურგის ტურნირზე მესამე ნომრად არის განთესილი შემდეგ ეტაპზე ლასლო ჯერესა და სეიბოტ უაილდს შორის უკეთესს დაელოდება.
Sputnik
თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰამბურგის 500-ქულიან ტურნირზე პირდაპირ მეოთხედფინალური ეტაპიდან ჩაერთვება.
ბასილაშვილი მეორე წრეში არგენტინელ სებასტიან ბაესს უნდა შეხვედროდა, თუმცა ნიკას მეტოქეს კორონავირუსი დაუდასტურდა და ტურნირს ავტომატურად გამოეთიშა. 20 წლის არგენტინელმა სპორტსმენმა ვირუსით ინფიცირების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა.
კვარაცხელიას დიდებული დაბრუნება და ბასილაშვილის სასწაულებრივი სეტი უიმბლდონზე
„მჯერა, რომ ჩემი გუნდის, ოჯახისა და მეგობრების მხარდაჭერით, უფრო ძლიერი დავბრუნდები. ყველაფერი წინაა და მომავალ წელს ამ კორტებზე ისევ დავბრუნდები. მადლობა ყველას, ვინც კარიერაში მუდმივად მხარს მიჭერს", - წერს სებასტიანი.
ამჯერად, საქართველოს პირველი ჩოგანი ტურნირის 1/4-ფინალში სერბ ლასლო ჯერესა და ბრაზილიელ ტიაგო სეიბოტ უაილდს შორის გამარჯვებულს ელოდება.
ნიკოლოზს სატურნირო ბადის მიხედვით პირველი ტურის გამოტოვება მოუწია, მეორეში კი ფრანგ მუტესა და სლოვენიელ ბედენეს შორის გამარჯვებულს უნდა შეხვედროდა. ტურნირის დაწყებამდე ბედენემ თამაშზე უარი განაცხადა და მისი ადგილი სებასტიან ბაესმა დაიკავა. ახალგაზრდა არგენტინელმა მუტესთან სენსაციურად გაიმარჯვა და ბასილაშვილზე გავიდა.
აღსანიშნავია, რომ რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს ჰამბურგის ტურნირი უკვე ორჯერ აქვს მოგებული. მან გერმანიაში წარმატებას 2018 და 2019 წლებში მიაღწია.