რატომ შეფერხდა Pfizer-ით აცრისთვის რეგისტრაცია: მინისტრის განმარტება

Pfizer-ით ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია დღეს დაიწყო, თუმცა რეგისტრაციისთვის ვებ-გვერდზე შესვლა პრაქტიკულად ვერავინ მოახერხა.
Sputnik
თბილისი, 14 ივლისი – Sputnik. აცრების რეგისტრაციის სისტემაში დაფიქსირებული ხარვეზი გამოწვეულია მაღალი მომართვიანობით, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.
რეგისტრაცია Pfizer-ით აცრისთვის „ჩავარდა"
Pfizer-ით ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია დღეს, 14 ივლისს, 15:00 საათიდან უნდა დაწყებულიყო. აცრის პროცესი კი 16 ივლისიდან დაიწყება. ვაქცინაცია ამ ეტაპზე 18 წელს ზემოთ ასაკის პირებისთვის იქნება შესაძლებელი.
ვაქცინაციისთვის საჭირო ორი დოზა 21-28 დღის ინტერვალით კეთდება.
ამ ეტაპზე რეგისტრაციის პროცესი შეფერხებით მიმდინარეობს.
„მოქალაქეების ინტერესი არის ძალიან მაღალი. ძალიან ცუდია, რომ რეგისტრაციის სისტემაში მსგავსი ფაქტი კვლავ დაფიქსირდა და ვერ მოხერხდა მისი აღმოფხვრა“, – აღნიშნა ტიკარაძემ.
ტიკარაძის განცხადებით, დაავადებათა კონტროლის ცენტრში უკვე მივიდა IT-სამსახური. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ეს ხარვეზი მალე აღმოიფხვრება. მისივე ინფორმაციით, დღეს გამოცხადებული Pfizer-ის დოზების რაოდენობა არაა საბოლოო.
როგორც მინისტრმა განმარტა, გადარიცხულია მთელი თანხა და Pfizer-ის დამატებითი დოზები საქართველოში ეტაპობრივად შემოვა.
მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია ქვეყანაში 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც საქართველომ ჩინური წარმოების Sinopharm-ისა და Sinovac-ის ერთი მილიონი დოზა მიიღო.
ვაქცინაციის პროცესში 160 დაწესებულებაა ჩართული. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 317.537 ადამიანს აქვს ჩატარებული, საიდანაც სრული ორი დოზა 122.180 მოქალაქეს აქვს მიღებული.
ეპიდემიოლოგები აცხადებენ, რომ ქვეყანაში კორონავირუსის მეოთხე ტალღა უკვე დაიწყო, ამასთან, იმატებს ე.წ. ინდური („დელტა") – უფრო აგრესიული შტამის შემთხვევები. თუ ქვეყანაში ვითარება არ შეიცვლება და მოსახლეობა უარს იტყვის ვაქცინაციის პროცესში ჩართვაზე, უცხოური გამოცემების ვარაუდით, საქართველოში კორონავირუსის პანდემია მხოლოდ 2023 წელს დასრულდება. პანდემიის დასაძლევად დღეში 15-20 ათასი ადამიანი უნდა იცრებოდეს, აღნიშნავენ სპეციალისტები.