კორონავირუსზე სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია საფრანგეთში სავალდებულო ხდება

იმ შემთხვევაში, თუ მედიცინის მუშაკი კორონავირუსზე არ აიცრება, 15 სექტემბრიდან მუშაობასა და ხელფასის მიღებას ვეღარ შეძლებს.
Sputnik
თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. საფრანგეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კორონავირუსზე სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს.
საფრანგეთში ზრდასრულთა ვაქცინაცია შესაძლოა სავალდებულო გახდეს
როგორც საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა ოლივიე ვერანმა განაცხადა ტელეარხ LCI-ს ეთერში, მედიცინის ის მუშაკები, რომლებიც არ აიცრებიან, მუშაობის გაგრძელებას ვეღარ შეძლებენ.
„თუ მედმუშაკი ბრძანდებით და 15 სექტემბრისთვის ვაქცინაცია გავლილი არ გექნებათ, მაშინ თქვენ ვეღარ შეძლებთ მუშაობას და არც ხელფასს მიიღებთ“, — აღნიშნა მინისტრმა.
ვერანის გამოსვლამდე პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სატელევიზიო გამოსვლისას განმარტა, რომ კორონავირუსზე ვაქცინაცია სავალდებულო ხდება „საავადმყოფოებში, კლინიკებში, მოხუცთა სახლებში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის განკუთვნილ დაწესებულებებში დასაქმებული მედპერსონალისთვის, ყველა სპეციალისტისა და ვოლონტიორისთვის, რომლებიც მოწყვლად ადამიანებთან არიან კონტაქტში, მათ შორის სახლშიც“.
ამასთან საფრანგეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ „აუცილებელი იქნება ასევე დადგეს საკითხი ყველა ფრანგის სავალდებულო ვაქცინაციის თაობაზე“. მისი თქმით, სწორედ ვაქცინაციაა ერთადერთი გზა ნორმალურ ცხოვრებაში დასაბრუნებლად.
მანამდე გაზეთი The Times წერდა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საფრანგეთში შესაძლოა მთელი ზრდასრული მოსახლეობისთვის გახდეს სავალდებულო. ქვეყნის პარლამენტს შესაბამისი კანონის პერსპექტივების განხილვის თხოვნით პრემიერ-მინისტრმა ჟან კასტეკსმა მიმართა.