კახა კალაძე ბაქოში თბილისის „დინამოს“ მატჩს დაესწრება

კახა კალაძე თავისი საფეხბურთო კარიერის დასაწყისში თბილისის კლუბის სახელით ასპარეზობდა და მის შემადგენლობაში საქართველოს ჩემპიონიც გახდა.
Sputnik
თბილისი, 13 ივლისი – Sputnik. თბილისის მერი კახა კალაძე, რომელიც აზერბაიჯანში ვიზიტით იმყოფება, დაესწრება უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის განმეორებით მატჩს თბილისის „დინამოს“ და ბაქოს „ნეფთჩის“ შორის, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი“.
თბილისის მერის ორდღიანმა ვიზიტმა ბაქოში თავისი შედეგი უკვე მოიტანა - თბილისსა და ბაქოს შორის დაძმობილების მემორანდუმი გაფორმდა.
თბილისი და ბაქო დაძმობილებული ქალაქები გახდნენ
ფეხბურთის მატჩი 14 ივლისს გაიმართება. პირველ შეხვედრაში 7 ივლისს თბილისის „დინამო“ ბაქოს „ნეფთჩისთან“ საკუთარ მოედანზე ანგარიშით 1:2 დამარცხდა. ბაქოელებიდან თავი გამოიჩინეს ნამის ალესკეროვმა და ემინ მახმუდოვმა, ქართულ გუნდში - ზორან მარუშიჩმა.
ბაქოში რევანშის აღება დინამოელებისთვის არც ისე ადვილი იქნება. მეორე მხრივ, სიტუაცია „დინამოსთვის“ არც ისე უიმედოა. უეფაში გაუქმდა გასვლითი გოლის წესი და ქართველებისთვის საკმარისია ერთი ბურთით მოგება, რათა როგორც მინიმუმ დამატებითი 30 წუთი დაიმსახურონ.
აღსანიშნავია, რომ კახა კალაძე თავისი საფეხბურთო კარიერის დასაწყისში თბილისის კლუბის სახელით ასპარეზობდა და მის შემადგენლობაში საქართველოს ჩემპიონიც გახდა.