ჯაღმაიძე: სასულიერო პირის მხრიდან ძალადობისკენ მოწოდების მხოლოდ ერთი შემთხვევა გამოვლინდა

ანდრია ჯაღმაიძის თქმით, არეულობის დროს ჟურნალისტებს სწორედ სასულიერო პირები იცავდნენ და ეფარებოდნენ, და არა პოლიტიკოსები თუ დიპლომატები.
Sputnik
თბილისი, 13 ივლისი – Sputnik. 5 ივლისს თბილისში მომხდარი არეულობების დროს თუ რაიმე პასუხისმგებლობა გამოიკვეთება სასულიერო პირების ან ვინმეს მიმართ, ვინც უკავშირდება საპატრიარქოს, აუცილებლად იქნება ზომები მიღებული, განაცხადა  საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
„დიპლომატიური კორპუსი იმედგაცრუებულია" – საფრანგეთის ელჩი მინისტრ გომელაურთან შეხვედრაზე
„როგორც ნახეთ, ამ დღეს არც ერთი პოლიტიკური პარტიის და საელჩოს წარმომადგენელი არ გვინახავს, ვინც ჟურნალისტს ეფარებოდა, ვნახეთ მხოლოდ სასულიერო პირები, რომლებიც ეფარებოდნენ და იცავდნენ ჟურნალისტებს“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
მისი თქმით, სასულიერო პირის მხრიდან ძალადობისკენ მოწოდებების მხოლოდ ერთი შემთხვევა იყო.
„სასულიერო პირი დაბარებული იყო და გამოვუცხადეთ სასტიკი საყვედური. მან საჯაროდ ჩაწერა და გაავრცელა შენდობის ვიდეო. მიიღო სასტიკი საყვედური, ეს ნიშნავს, რომ კიდევ ერთი რაიმე გადაცდომა გამოიწვევს მძიმე სასჯელს“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
ჯაღმაიძის თქმით, სასულიერო პირებისგან რამე ძალადობრივი თუ კიდევ გამოვლინდება, აუცილებლად იქნება მიღებული ზომები.
5 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას ჯაღმაიძემ ასევე აღნიშნა, რომ დღის განმავლობაში არაერთი განცხადება გავრცელდა საპატრიარქოს მხრიდან. სადაც მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებდა.
„არ ვამბობ, რომ რაიმე გამართლება აქვს იმ ძალადობას, საშინელებას, რაც ვნახეთ, ვერავინ ამას წინასწარ ვერ გათვლიდა და უბრალოდ ვერ წარმოვიდგენდით, რომ ჟურნალისტებზე იქნებოდა ასეთი აგრესია. არ ვიცი რით ავხსნა“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.
ილია მეორე ლექსო ლაშქარავას დედას შეხვდება
თბილისში არეულობები 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის" კვირეულის დასკვნით დღეს დაიწყო, რომელიც სექს-უმცირესობების უფლებების დამცველების მიერ იყო ორგანიზებული. ამ დღეს დილიდან ხმაურით მიმდინარეობდა ლგბტ-საზოგადოების მოწინააღმდეგეთა კონტრაქცია, რომლებიც ყველანაირად ცდილობდნენ დაგეგმილი „ღირსების მარშის" ჩატარებისთვის ხელის შეშლას. საბოლოოდ მათ მიზანს მიაღწიეს და „ღირსების მარში" გაუქმდა. თუმცა ამან კონტრაქციის მონაწილეები ვერ დააშოშმინა.
ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეთა აქცია არეულობებში გადაიზარდა. მოწინააღმდეგეები აგრესიულად იყვნენ განწყობილი ჟურნალისტების მიმართ და მათ მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ. გარდა ამისა, დემონსტრანტებმა რიგი საზოგადოებრივი ორგანიზაციების ოფისები დაარბიეს. შსს-ს ცნობით, თბილისში დაახლოებით 20 „ცხელი წერტილი" იყო. ოფიციალური მონაცემებით, ამ დღეს დაშავდა 55 ადამიანი, აქედან 53 მასმედიის წარმომადგენელი იყო.