ვის და როგორ შეუძლია ახალშობილზე სახელმწიფოსგან  ფინანსური დახმარების მიღება

თბილისის მერია სოციალურად დაუცველ ოჯახებს თითოეულ ახალშობილზე ერთჯერად დახმარებას გადასცემს. პროგრამის მიზანი ახალშობილის შეძენის შემთხვევაში ოჯახების მატერიალური დახმარებაა.
Sputnik
კონკრეტულად რას ითვალისწინებს პროგრამა, ვინ არიან ბენეფიციარები და როგორ უნდა მიიღონ ფულადი დახმარება, ამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას „Sputnik–საქართველო“ მოგაწვდით.
რა არის ქვეპროგრამის არსი
ქვეპროგრამის მიზანია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ახალშობილის შეძენის შემთხვევაში მატერიალური დახმარების გაწევა.
ვინ არიან ქვეპროგრამის ბენეფიციარები
ქვეპროგრამის ბენეფიციარები არიან ქალაქ თბილისში რეგისტრირებული, სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომლებსაც ახალშობილის დაბადებისას სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მინიჭებული აქვთ 100.000 და ნაკლები სარეიტინგო ქულა.
რას მოიცავს ქვეპროგრამა
ფულადი დახმარების ოდენობა შეადგენს 300-დან 1000 ლარამდე, რომელიც გაიცემა ერთჯერადად. თუ მოსარგებლე განცხადებით, შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენით დაადასტურებს, რომ ახალშობილი ბენეფიციარი ოჯახის წევრის მესამე, ან შემდეგი შვილია, მაშინ ის მოიპოვებს
დამატებით ერთჯერადი დახმარების მიღების უფლებას შემდეგი ოდენობით:
 300 ლარი – მე-3 ახალშობილზე;
 500 ლარი – მე-4 ახალშობილზე;
 1000 ლარი – მე-5 და შემდეგ ახალშობილზე.
როგორ უნდა მიიღოს ოჯახმა ბენეფიტი
თანხა ჩაირიცხება ბენეფიციარი ოჯახის უფლებამოსილი პირის საბანკო ანგარიშზე, საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოდან, ახალშობილის დაბადების წლის განმავლობაში, ან მომდევნო წლის 1 მარტამდე მოწოდებული ბაზის საფუძველზე, ოჯახის მიერ ბაზაში ახალშობილის დარეგისტრირების შემთხვევაში.
კუთვნილი თანხის დარიცხვა ხორციელდება მომსახურე ბანკიდან („თიბისი ბანკი“) ბენეფიციარის სახელზე არსებული აქტიური ანგარიშის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ.
რა დოკუმენტები უნდა წარადგინოს ოჯახმა დახმარების მისაღებად
მესამე ან შემდეგი შვილის შეძენისას დამატებითი თანხის მისაღებად წარდგენილი უნდა იქნას პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ერთ-ერთი მშობლის მაინც) და ახალშობილის დაბადების მოწმობის ასლი.