თბილისი, 12 ივლისის — Sputnik. აშშ-ის ჯარები ავღანეთში მილიარდობით დოლარის შეიარაღებასა და აღჭურვილობას ტოვებენ, რაც რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ ხელში ხვდება, განაცხადა ექს-პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ამაში ამერიკის ამჟამინდელ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს დასდო ბრალი.
აღნიშნული განცხადება ტრამპმა აშშ-ის კონსერვატიული წრეების კონფერენციაზე გააკეთა დალასში (ტეხასის შტატი).
„[ბაიდენი] მილიარდობით დოლარის აღჭურვილობას ტოვებს. მე ვეუბნებოდი გენერლებს, რომ თითოეული ლურსმნის დაბრუნება მინდოდა, რომ მინდოდა დამებრუნებინა ყველა ტანკი. ამის მაგივრად ახლა „თალიბანი“ აღლუმებს აწყობს ჩვენი იარაღით, რომელიც ჯო ბაიდენმა დაუტოვა მათ. ეს სამარცხვინოა“, — თქვა ტრამპმა.
გარდა ამისა, ექს-პრეზიდენტმა ამერიკის მოქმედი ლიდერი მიგრანტებთან დაკავშირებით წარუმატებელ პოლიტიკაშიც დაადანაშაულა, რომლებიც მასობრივად დაიძრნენ სამხრეთ საზღვრებისკენ და არალეგალურად კვეთენ მას, ასევე დანაშაულის ზრდასა და საერთაშორისო არენაზე ამერიკის პოზიციების შესუსტებაშიც.
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დასკვნით, პრობლემების აღმოსაფხვრელად ქვეყნის სათავეში რესპუბლიკელები უნდა დაბრუნდნენ.
როგორც ივლისის დასაწყისში განაცხადეს პენტაგონში, აშშ-ის და ნატოს კონტინგენტმა ბაგრამის ბაზა დატოვა. როგორც მაშინ ამერიკული მედია იუწყებოდა, ამის შესახებ ავღანეთის ხელისუფლება წინასწარ არ გაუფრთხილებიათ. პენტაგონის პრეს-მდივანმა ჯონ კირბიმ ჟურნალისტებთან საუბრისას დაადასტურა, რომ ამერიკელ სამხედროებს, უსაფრთხოების მოსაზრებიდან გამომდინარე, ავღანეთის ხელისუფლებისთვის არ უცნობებიათ ჯარების დისლოკაციის შეცვლის თაობაზე, და რომ ამგვარი გაფრთხილება „უპასუხისმგებლობა იქნებოდა“.
ავღანეთში სამთავრობო ძალებსა და თალიბებს შორის შეჯახებები მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ჯო ბაიდენმა 14 აპრილს განაცხადა, რომ აშშ ავღანეთის ოპერაციას ამთავრებდა.
BBC-ს ცნობით, ამ დროისათვის თალიბებს, როგორც თავად აცხადებენ, ქვეყნის 85%-ზე აქვთ კონტროლი დამყარებული, თუმცა ამ ინფორმაციის გადამოწმება დამოუკიდებელი წყაროებით შეუძლებელია.