საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე კანდიდატები წარუდგინა

საპარლამენტო ოპოზიციამ უკვე განაცხადა, რომ საქართველოს ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე მხარს არც ერთ კანდიდატს არ დაუჭერს.
Sputnik
თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს წარუდგინა კანდიდატები ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის ერთი წევრის ვაკანტურ ადგილებზე.
ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია 30 ივნისს გადადგა. ის საქმიანობას საერთაშორისო ორგანიზაციაში გააგრძელებს. ცესკოს კიდევ ერთი წევრის თანამდებობა კი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც მას უფლებამოსილების ვადა ამოეწურა.
ცესკოს თავმჯდომარის დანიშვნის პროცესმა სკანდალის ფონზე ჩაიარა - დეტალები
ცესკოს თავმჯდომარის ვაკანტურ ადგილზე წარდგენილია ორი კანდიდატი – საქართველოს ცესკოს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, 37 წლის გიორგი კალანდარიშვილი და ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, 31 წლის გიორგი სანტურიანი.
ცესკოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე ხუთი კანდიდატია წარდგენილი. ესენი არიან: გია ცაცაშვილი, ანა მიქელაძე, ლელა ტალიური, მაია ზარიძე და თამარ სართანია.
კანონის თანახმად, ხუთი წლის ვადით თავმჯდომარედ გახდომისთვის კანდიდატს მხარი უნდა დაუჭიროს დეპუტატების ორმა მესამედმა (100 ხმა და მეტი). თუ ეს არ მოხდა და კანდიდატმა მხოლოდ ხმათა უბრალო უმრავლესობა (76 და მეტი) მიიღო, მაშინ ის ამ თანამდებობაზე მხოლოდ 6 თვით დაინიშნება.
არჩევნები 2021: გაირკვა ბიულეტენებში საპარლამენტო პარტიების რიგითი ნომრები>>
ამ წლის ოქტომბერში საქართველოში ადგილობრივი არჩევნები ჩატარდება. მმართველი პარტია „ქართული ოცნებისთვის", რომელიც ამჟამად პარლამენტში 84 დეპუტატით არის წარმოდგენილი, ეს არჩევნები ძალზე მნიშვნელოვანია. თუ ის ამომრჩევლის ხმათა 43%-ზე ნაკლებს მიიღებს პროპორციულ არჩევნებში, მაშინ ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.