„ნაცმოძრაობა“ პარლამენტის მუშაობის ბოიკოტს იწყებს

პარტიის დეპუტატები მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ იმ სხდომებში, სადაც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები იქნება განხილული.
Sputnik
თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. საქართველოს ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტის ბოიკოტს იწყებს.
მაგრამ, როგორც პარტიის წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, ფრაქცია მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ კენჭისყრაში საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომლებიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას გულისხმობს, და მთავრობისთვის უნდობლობის პროცედურებში.
გარდამავალი მთავრობა და ვადამდელი არჩევნები - ხაზარაძე კრიზისიდან გამოსავალს სთავაზობს
„არსებულ ფორმატში პარლამენტში მონაწილეობა არის არაგონივრული, მხოლოდ იმ სხდომებში მივიღებთ მონაწილეობას, რომელიც საზოგადოებისთვის იქნება საჭირო და აუცილებელი. დღეს, საზოგადოება ოპოზიციას სულს სხვა გამოწვევებს უსახავს – 5 ივლისი და ოპერატორის დაღუპვა, ამაზე ღარიბაშვილის რეაქცია არის საზოგადოების გამოწვევა“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.
მისი თქმით, პოლიტიკოსებმა უნდა აჩვენონ ერთიანობა იმისთვის, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური გადადგნენ, ქვეყანაში ტექნოკრატიული მთავრობა დაინიშნოს, რაც რიგგარეშე არჩევნებს უზრუნველყოფს.
„გომელაურისა და სხვა მინისტრების მოსვლა და მოსმენა მნიშვნელოვანი საკითხი იქნება. ოპოზიცია ამ საკითხზე ცალკე ვიმსჯელებთ, მთავარია არა მათი მოსვლა, არამედ წასვლა, რასაც ითხოვს მედია, საზოგადოება, ოპოზიცია“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ რამდენიმე ოპოზიციურ პარტიასთან ბლოკში 32 დეპუტატით არის წარმოდგენილი.
ოპოზიციის ნაწილს სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს
„ნაცმოძრაობის“ გარდა, პარლამენტის მუშაობას ბოიკოტი გამოუცხადა კიდევ ერთმა ოპოზიციურმა ფრაქციამ - „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“. როგორც ოპოზიციური პარტიის ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, „ლელო“ შექმნილი კრიზისული სიტუაციიდან გამოსავალს ხედავს გარდამავალი მთავრობის ჩამოყალიბებასა და ვადამდელ არჩევნებში.
ფრაქციამ „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ პარლამენტის სხდომათა დარბაზი მას შემდეგ დატოვა, რაც პარლამენტში ჟურნალისტებთან შეხლა-შემოხლა მოხდა. ჟურნალისტები დეპუტატების ნაწილთან ერთად დარბაზიდან გაიყვანეს. ყველაფერთან ერთად, პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ არ მისცა სიტყვა ფრაქცია „ლელოს“ წარმომადგენლებს, რომლებმაც ამის შემდეგ საკანონმდებლო ორგანო პროტესტის ნიშნად დატოვეს.
თბილისში აქციები დაიწყო კვირას, „ტვ პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ, რომელიც ლგბტ-თემის აგრესიულად განწყობილი მოწინააღმდეგეების მიერ სასტიკად იყო ნაცემი. 36 წლის ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზებს ექსპერტიზა ადგენს.
ლექსო ლაშქარავაზე თავდასხმის საქმეზე შსს-მ ხუთი პირი დააკავა.