თბილისი, 11 ივლისი – Sputnik. წამყვანი ქართული მედიასაშუალებები მოითხოვენ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის გადადგომას პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით - მათ წაუყენეს მთავრობას ულტიმატუმი, რომლის ვადა ორშაბათს 12:00 საათზე იწურება.
რუსთაველის გამზირზე პარლამენტთან შეკრებილი მედიის წარმომადგენლების პროტესტი გამოიწვია „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებამ. ის სასტიკად სცემეს 5 ივლისს არასამთავრობო ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში და კლინიკიდან გაწერიდან მესამე დღეს გარდაიცვალა.
იმ შემთხვევაში, თუ ღარიბაშვილი და მისი მინისტრები არ გადადგებიან, საპროტესტო აქციის ორგანიზატორებმა ორშაბათს 18:00 საათზე მასშტაბური აქცია დააანონსეს, სადაც საზოგადოებას სამომავლო გეგმებს გააცნობენ.
პარლამენტთან გამართული აქციის შემდეგ შეკრებილებმა მოაწყვეს მსვლელობა მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც ათეულობით სამართალდამცველი იყო მობილიზებული.
მთელი დღის განმავლობაში მედიის წარმომადგენლების მხარდასაჭერი აქციები ტარდებოდა საქართველოს ყველა დიდ ქალაქში - ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, რუსთავში, გორში, თელავში. შეკრებილებმა ერთხმად მოითხოვეს ოპერატორის გარდაცვალების გამოძიება და ყველა დამნაშავის პასუხისგებაში მიცემა.
მათი თქმით, ჟურნალისტების მიერ გადაღებულ კადრებზე ჩანს, რომ ლექსო ლაშქარავას რამდენიმე წუთის განმავლობაში ოცამდე ადამიანი სცემს, მაშინ როდესაც შსს ოთხი დაკავებულის შესახებ საუბრობს.
გარდაცვლილი ოპერატორის ოჯახს ღრმა მწუხარება გამოუცხადეს პრეზიდენტმა, პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ. სალომე ზურაბიშვილმა ლექსო ლაშქარავას დედა თინათინ კახიძე პირადად მოინახულა. ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ძალადობას გმობენ საერთაშორისო დიპლომატები და არასამთავრობო სექტორი.
ამასთან შსს-ში აცხადებენ, რომ ლექსო ლაშქარავა გარდაცვალებამდე არაფხიზელ მდგომარეობაში იყო და ამის დასტურად აქვეყნებენ გარე კამერების ვიდეოჩანაწერებს. სისხლის სამართლის საქმე „თვითმკვლელობამდე მიყვანის“ მუხლით არის აღძრული.
რაც შეეხება „ქართული ოცნების“ ოფიციალურ პოზიციას, მომხდართან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა მმართველი პარტიის წარმომადგენელმა სოზარ სუბარმა. მისი თქმით, არასწორია პოლიტიკური მიზნებისთვის ოპერატორის გარდაცვალების თემის გამოყენება.
სუბარმა, რომელიც დიდ ხანს ჟურნალისტად მუშაობდა და ასევე სახალხო დამცველის თანამდებობას იკავებდა, აღნიშნა, რომ თბილისში არეულობების დროს ბევრი ჟურნალისტია ნაცემი და ლექსო ლაშქარავას ყველაზე მძიმე დაზიანებები ჰქონდა.
ამჟამად ყველა ელოდება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შედეგებს და პრემიერ-მინისტრის რეაქციას მედიის ულტიმატუმზე.
„ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაცვლილი საკუთარ სახლში კვირას დილით ნახეს. ექვსი დღის წინ თბილისში არეულობების დროს ის სასტიკად სცემეს ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეებმა. მას სახის ძვლების მოტეხილობები აღენიშნებოდა. იმ დღესვე მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. ბოლო დღეები მან სახლში გაატარა.
როგორც „ტვ პირველის“ ჟურნალისტი მირანდა ბაღათურია იხსენებს, რომელიც ლექსო ლაშქარავასთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში თავდასხმის ობიექტი გახდა, ლექსოს დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში 20 ადამიანი სცემდა და ის სისხლის გუბეში დატოვეს.