თბილისი, 11 ივლისი – Sputnik. ბავშვთა დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციის სამოქმედო გეგმა უახლოეს მომავალში შემუშავდება, იუწყება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
ბავშვთა სახლებში არსებული სიტუაცია ყურადღების ცენტრში ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ მოექცა.
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ბავშვთა დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციის საკითხებთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა და დიდი ზომის დაწესებულებების დახურვასთან, ალტერნატიული სერვისების განვითარება/გაძლიერებასთან და ინსტიტუციებში მცხოვრები ბავშვების ოჯახებში დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა.
შეხვედრას მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სააგენტოს დირექტორი მერი მაღლაფერიძე, სოციალური დაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსი თათია გვარამაძე და პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, დეინსტიტუციონალიზაცია სახელმწიფოს პრიორიტეტია.
„ჩვენი მიზანი დიდი ზომის ინსტიტუციების დახურვა და ალტერნატიული სერვისების განვითარება და გაძლიერებაა. სახელმწიფოს მთავარი მიზანი ინსტიტუციებში მცხოვრები ბავშვების ოჯახებში დაბრუნება და ინტეგრაციის ხელშეწყობაა. ამ მიმართულებით სამინისტროს პარტნიორი ორგანიზაციები არიან: გაეროს ბავშვთა ფონდი, Worl Vision და ჩეხეთის კარიტასი“, - განაცხადა თამარ ბარკალაიამ.
საერთაშორისო პარტნიორმა ორგანიზაციებმა დეინსტიტუციონალიზაციის საკითხებთან დაკავშირებით მხარდაჭერა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოხატეს.
„შეხვედრაზე დეინსტიტუციონალიზაციის მნიშვნელობასა და როლების გადანაწილებაზე ვიმსჯელეთ, რათა პროცესები სწორად და გამჭირვალედ წარიმართოს. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ბავშვს ჰქონდეს საკუთარ ოჯახში ცხოვრების საშუალება. ჩვენი მთავარი მიზანი ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვაა“, - აღნიშნა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის მოადგილემ ემი ქლანსიმ.
წმინდა ნინოს სახელობის ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონი, რომელიც საპატრიარქოს პატრონაჟის ქვეშაა, ფართო საზოგადოებისა და სახელმწიფო სტრუქტურების ყურადღების ცენტრში სახალხო დამცველის განცხადების შემდეგ მოექცა. ლომჯარიას განცხადებით, პანსიონში ბავშვებზე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლა ხორციელდება, ხოლო დაწესებულების ტერიტორიაზე მის წარმომადგენლებს შესვლის უფლებას არ აძლევენ. აღნიშნული განცხადების საფუძველზე საქართველოს შსს-მ გამოძიება დაიწყო. ნინოწმინდის პანსიონს ახალი ხელმძღვანელი - ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი (იაკობიშვილი) ჰყავს, ხოლო მისი წინამორბედი მეუფე სპირიდონი პანსიონში ომბუდსმენის და სხვა ოფიციალური პირების შესვლის კატეგორიული წინააღმდეგი იყო.
ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ამჟამად პანსიონიდან გაყვანილია 38 ბავშვი, ხოლო დარჩენილი 15 ბავშვის უსაფრთხო გარემოზე 24 საათიან რეჟიმში სოცმუშაკები და ფსიქოლოგები ზრუნავენ.