გარდაიცვალა „ტვ პირველის“ ოპერატორი - 5 ივლისს ძალადობის ერთ-ერთი მსხვერპლი

„ტვ პირველის“ ოპერატორს 5 ივლისს თბილისში განვითარებული მოვლენების გაშუქებისას კონტრაქციის მონაწილეები ფიზიკურად გაუსწორდნენ.
Sputnik
თბილისი, 11 ივლისი – Sputnik. „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა, ნათქვამია ტელეკომპანიის გვერდზე სოციალურ ქსელში.
„ტვ პირველი“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი გუნდის წევრის, ლექსო ლაშაქარავას გარდაცვალების გამო“, - აღნიშნულია ტელეკომპანიის გვერდზე.
გავრცელებული ინფორმაციით, ლაშქარავა ოჯახის წევრებმა დილით საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის.
ლგბტ თემის მოწინააღმდეგეები ჟურნალისტებსა და ოპერატორებს დაესხნენ თავს - ვიდეო
„ტვ პირველის“ ოპერატორი 5 ივლისს თბილისში განვითარებულ მოვლენებს აშუქებდა, სადაც მას ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეები ფიზიკურად გაუსწორდნენ, მას სხვადასხვა სახის დაზიანებები ჰქონდა მიღებული.
5 ივლისს მას ოპერაცია ჩაუტარდა, სამი დღის შემდეგ ლექსო ლაშქარავა კლინიკიდან გაწერეს. გუშინ ის „ტვ პირველის“ დღის ეთერის ერთ-ერთი სტუმარი იყო და 5 ივლისის მოვლენებს იხსენებდა.
ჟურნალისტებზე თავდამსხმელი კიდევ ოთხი პირი დააკავეს
ჟურნალისტებზე მასობრივი თავდასხმა 5 ივლისს ლგბტ–თემის მოწინააღმდეგეთა აქციაზე მოხდა. აგრესიულად განწყობილი დემონსტრანტები სცემდნენ ჟურნალისტებს და მათ ლგბტ–საზოგადოების პროპაგანდაში ადანაშაულებდნენ. შსს-ს ოფიციალური მონაცემებით, ამ დღეს ძალადობა განხორციელდა მასმედიის 53 წარმომადგენლის მიმართ. პროკურატურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 36 პირი, მათ შორის, 30 ჟურნალისტი და ოპერატორი. ამ მომენტისთვის 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულთაგან უკვე 21 პირს სასამართლოს სხდომის ჩატარებამდე პატიმრობა შეეფარდა.