თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. პოლონელი ტურისტი, იაცეკ კოლანკიევიჩი, რომელიც თბილისში დაჭრეს, ალადაშვილის სახელობის კლინიკიდან დღეს გაეწერა, იუწყება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.
თავდასხმა პოლონეთის მოქალაქეზე 5 ივლისს მოხდა, როდესაც თბილისში ლგბტ–საზოგადოების წინააღმდეგ კონტრაქცია იმართებოდა. ხეთაგუროვის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის თვითმხილველები ამბობენ, რომ თავდასხმის მიზეზი, შესაძლოა, ტურისტის საყურე გახდა, რამაც გააღიზიანა თავდამსხმელი. პოლონეთის მოქალაქის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული მამაკაცი პოლიციამ მალევე დააკავა. მას უკვე პატიმრობა შეეფარდა. მას ბრალდება წარედგინა მკვლელობის მცდელობის მუხლით ხულიგნური ქვენა გრძნობით, რაც 13-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
როგორც იაცეკ კოლანკიევიჩმა აღნიშნა, მომხდარის შემდეგ საავადმყოფოში უამრავი ადამიანი უკავშირდებოდა და მხარდაჭერას უცხადებდა. მისივე განცხადებით, ერთი ადამიანი მთელ საქართველოს არ წარმოადგენს და სწორედ ის ხალხია საქართველო, ვინც მისი ამბავი გულთან მიიტანა.
„საქართველოში პირველად ჩამოვედი, მე Youtube-ზე არხი მაქვს და ბევრი რამის გადაღება მინდოდა, რომ პოლონეთში საქართველო მეჩვენებინა. შემდეგ ეს მოხდა. ვფიქრობ, ის ერთი ადამიანი მთელ საქართველოს არ წარმოადგენს, ასეთ ერთ ადამიანს მსოფლიოში ყველგან იპოვი. საბედნიეროდ დღეს უკვე კარგად ვარ“, - აცხადებს პოლონელი ტურისტი იაცეკ კოლანკიევიჩი.
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, პოლონელი ტურისტი სარეაბილიტაციო კურსს საქართველოში გაივლის.
„მისი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია უზრუნველყოფს მის სარეაბილიტაციო კურსს, რის შემდეგაც ის შეძლებს თავის სამშობლოში დაბრუნებას“, - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ თამაზ იორაშვილმა.
სამშობლოში გამგზავრებამდე პოლონელ ტურისტს თბილისში უმასპინძლებს ახლადგახსნილი სასტუმრო „ბიოგრაფი“, სადაც ის უსასყიდლოდ განთავსდება.