ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში თანამშრომლობის საკითხებს განიხილავს

ინდოეთის მინისტრმა აღნიშნა, რომ ვიზიტი საქართველოში - მნიშვნელოვანია მისიაა მისთვის და ის კმაყოფილია საქართველოს ხელისუფლებასთან მიღწეული შეთანხმებებით.
Sputnik
თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ინდოეთის საგარეო საქმეთა პირველმა მინისტრმა სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარმა ქვეყნის პირველ პირებთან თანამშრომლობის საკითხები განიხილა.
ჯაიშანკარი საქართველოში 9 ივლისს ჩამოვიდა და მან უკვე გამართა შეხვედრები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან.
ისტორიული დღე: ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილები საქართველოს სამუდამოდ გადმოეცა
„ამ ვიზიტს ისტორიული მნიშვნელობა აქვს. ეს ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტია ჩვენს ქვეყანაში. ბატონი მინისტრი თბილისში დიდი მისიით ჩამოვიდა. ინდოეთის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, გადმოგვეცა ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები, რომლებიც თავად მინისტრმა ჩამოიტანა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ამასთან მან აღნიშნა, რომ წმინდა ნაწილების ჩამობრძანება საქართველოსთვის და მისი ხალხისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
„მჯერა, რომ დღევანდელი ვიზიტი იქნება ძალიან ძლიერი დასაწყისი ჩვენი შემდგომი ძლიერი თანამშრომლობის და მეგობრობის“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, მხარეებმა შეხვედრაზე განიხილეს თანამშრომლობა როგორც პოლიტიკურ, ისე სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში. მხარეებმა ასევე იმსჯელეს კორონავირუსის პანდემიის და მისი შედეგების საკითხებზე.
თავის მხრივ, ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ვიზიტი საქართველოში მისთვის მნიშვნელოვანი მისიაა.
„მე ვარ პირველი საგარეო საქმეთა მინისტრი ინდოეთიდან, რომელიც საქართველოს ეწვია, თუმცა საქართველოში ჩამოვედი იმ განწყობით, რომ განსაკუთრებული მისია ვიკისრო“, - განაცხადა ჯაიშანკარმა.
ამავე დროს ინდოეთის მინისტრმა აღნიშნა, რომ ის კმაყოფილია საქართველოს ხელისუფლებასთან მიღწეული შეთანხმებებით.
საქართველომ და ინდოეთმა „ღია ცის“ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
„ძალიან კარგი მოლაპარაკებები იყო, განვიხილეთ ეკონომიკური თანამშრომლობა, თანამშრომლობა ტურიზმის და ვაჭრობის სფეროებში. ჩვენი ურთიერთობები წარმატებულია. შევთანხმდით, რომ განვაგრძობთ ერთობლივ მუშაობას, რათა გამოვნახოთ თანამშრომლობის განვითარების გზები. მე ვიცე-პრემიერი ინდოეთში მოვიწვიე და ვთხოვე, რომ ბიზნეს დელეგაციით ეწვიოს ქვეყანას. აუცილებელია ინდოელმა ხალხმა მეტი გაიგოს საქართველოს შესახებ, განსაკუთრებით საქართველოს მაღალი რეიტინგების და ბიზნეს კეთების სიმარტივის შესახებ“, - განაცხადა ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მინისტრის თქმით, ინდოეთი საქართველოში ახორციელებს მსხვილ პროექტებს ენერგეტიკისა და მეტალურგიის დარგში, საქართველოში დიდი რაოდენობით ინდოელი ტურისტი ჩამოდის და ბევრი სტუდენტია, რომელიც აქ სწავლობს. მისი თქმით, ორ სახელმწიფოს ყველა მიმართულებით თანამშრომლობის განვითარება შეუძლია.
დღეს თბილისში ასევე უნდა გაიხსნას ინდოეთის ეროვნული ლიდერის მაჰათმა განდის ძეგლი, რისთვისაც ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლიერება გამოხატა.
„ეს არის კულმინაცია იმ თანამშრომლობისა და მეგობრობისა, რომელიც თქვენთან გვაკავშირებს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ვიზიტი დაგვეხმარება იმაში, რომ უფრო ამბიციური გეგმა გვქონდეს სამომავლო ურთიერთობებში“, - განაცხადა ჯაიშანკარმა.
საქართველომ და ინდოეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 28 სექტემბერს დაამყარეს.