თბილისში დაჭრილ პოლონელ ტურისტს ლიკანში დასვენება შესთავაზეს

მინისტრის თქმით, პოლიციამ მყისიერი რეაგირება მოახდინა ფაქტზე და ეს შემთხვევა, რომელსაც უშუალო კავშირი არ აქვს რუსთაველზე განვითარებულ მოვლენებთან, ბოლომდე გამოძიებულია.
Sputnik
თბილისი, 9 ივლისი – Sputnik. თბილისში დაჭრილ პოლონელ ტურისტს ძალების მოკრება ლიკანის ერთ-ერთ სასტუმროში შევთავაზეთ, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან. 
ტურისტზე თავდასხმაში ბრალდებულს სასამართლომ გამოძიების პერიოდში პატიმრობა შეუფარდა
პროკურატურის ცნობით, 5 ივლისს თბილისში ერთ-ერთი მოქალაქე უმიზეზოდ დაესხა თავს პოლონეთის მოქალაქეს და დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მას კლინიკაში ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. თავდამსხმელი დაკავებულია და სასამართლოს განაჩენს საპატიმროში დაელოდება.
„ნებისმიერ დიდ ქალაქში, მათ შორის ევროპის ქალაქებშიც, დროდადრო ხდება მსგავსი სამწუხარო ფაქტები. დღეს ეს ადამიანი თავს კარგად გრძნობს. ჩვენ და „საპარტნიორო ფონდმა“ მას ერთობლივად შევთავაზეთ რეაბილიტაციის კურსის სასტუმრო „ლიკანში“ გავლა, სადაც იგი ძალების აღდგენას შეძლებს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
მისი თქმით, ნებისმიერი მსგავსი ძალადობის ფაქტი აზიანებს საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის იმიჯს, ამიტომაც საჭიროა მსგავს შემთხვევებზე სახელმწიფოს მხრიდან დროული რეაგირება, რაც გაკეთდა კიდეც.
დაკავებულს ბრალდება წარდგენილი აქვს  სსკ-ის 19–109-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით „მკვლელობის მცდელობა ხულიგნური ქვენა გრძნობით“, რაც 13-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ერთ-ერთი ვერსიით, ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები აქვს. დაკავებულს შერაცხადობის გასარკვევად ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდება.