ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილებს საქართველოში დღეს ჩამოაბრძანებენ

ინდოეთის მთავრობამ საქართველოს ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილები სამუდამოდ გადმოსცა, ამიერიდან ის საქართველოში სამუდამო განსასვენებელს იპოვის.
Sputnik
თბილისი, 9 ივლისი – Sputnik. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებს დღეს, 9 ივლისს საქართველოში ჩამოაბრძანებენ.
ინდოეთის მთავრობა წამებული დედოფლის წმინდა ნაწილებს საქართველოს სამუდამოდ და უსასყიდლოდ გადმოსცემს. უპრეცედენტო გადაწყვეტილება უშუალოდ ინდოეთის პრემიერმა მიიღო.
ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილები ინდოეთმა საქართველოს სამუდამოდ გადმოსცა
წმინდა ნაწილებს პირადად ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოაბრძანებს, რომელიც საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა და შეხვედრებს გამართავს ხელისუფლების პირველ პირებთან.
შაბათს, 10 ივლისს, 14 საათზე დედოფლის წმინდა ნაწილებს ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში დააბრძანებენ. პატრიარქი სამღვდელოებასთან და მრევლთან ერთად პარაკლისს გადაიხდის.
ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილები საქართველოში ერთხელ უკვე ჩამოაბრძანეს (2017–2018 წლებში) მართლმადიდებლების მოსალოცად, მაგრამ შემდეგ გოაზე დააბრუნდეს.
კახეთის დედოფალი 1614 წელს შაჰ-აბასმა მძევლად აიყვანა. დედოფალმა მძევლობაში ცხრა წელი გაატარა, მას აიძულებდნენ შეეცვალა სარწმუნოება, თუმცა ვერ გატეხეს. ის წამებით აღესრულა.
პორტუგალიელმა მისიონერებმა, რომლებიც დედოფლის წამების მოწმენი გახდნენ, მისი ნეშტი მალულად ამოთხარეს და ისპაჰანის მონასტერში გადაიტანეს. მოგვიანებით მისიონერებმა ნეშტი საქართველოში ჩამოიტანეს. 1723 წლამდე ის ალავერდის მონასტერში ინახებოდა, ხოლო მოგვიანებით დაიკარგა.
გოაში წმინდა ქეთევან დედოფლისადმი მიძღვნილი ფესტივალი გაიმართება
საქართველოსა და რუსეთის გარდა, ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები ჩაიტანეს გოაში, წმინდა ავგუსტინეს მონასტერში, ვატიკანსა და ბელგიაში. მე-20 საუკუნის დასაწყისში მონასტერი გოაში განადგურდა.
სამეცნიერო ექსპედიციები ინდოეთში წმინდა ნაწილებს სხვადასხვა დროს ეძებდნენ.
2013 წელს ჟურნალი Archeology წერდა, რომ გოას მონასტრის ნანგრევებში აღმოჩენილი ძვლები, სავარაუდოდ, ქეთევან დედოფალს ეკუთვნის. ამ ინფორმაციის თანახმად, ქვის სარკოფაგში აღმოჩენილი ხელის ძვლების დნმ-ის ანალიზმა აჩვენა, რომ დიდი ალბათობით ძვლები ინდოეთთან არ არის კავშირში, არამედ ქართული წარმოშობისაა.