პოლიციის შენობიდან მამაკაცის გადმოხტომის ფაქტზე განცხადება ვრცელდება: რა მოხდა რეალურად

მიუხედავად გამომძიებლის არაერთი მცდელობისა, დაკავშირებოდა ლ.გ.-ს ოჯახის წევრებს და მიეწოდებინა მათთვის ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ, კომუნიკაცია არ შედგა, ნათქვამია განცხადებაში.
Sputnik
თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური განაგრძობს გამოძიებას პოლიციელების მხრიდან სამსახურებრივი გულგრილობის შესაძლო ფაქტზე, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, იტყობინება უწყების პრეს-სამსახური.
პოლიციის შენობიდან მამაკაცი გადმოხტა – სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება დაიწყო
საუბარია დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს შენობიდან 16 ივნისს მოქალაქე ლ.გ.-ს გადმოხტომის ფაქტზე, რომელიც შენობაში მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა.  
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიების დაწყებიდან დღემდე ჩატარებულია ათობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება: დაუყოვნებლივ დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, ამოღებულია ნივთმტკიცებები, დაკითხული არიან მოწმეები, შესწავლილია შენობის შიდა და გარე პერიმეტრზე განთავსებული ვიდეოკამერების ჩანაწერები, რომლებზეც სრულად არის აღბეჭდილი პოლიციის შენობაში განვითარებული მოვლენები, ასევე დანიშნულია კომპლექსური ექსპერტიზა, თუმცა ექსპერტიზის დასკვნები ამ ეტაპზე მიღებული არ არის.
„პოლიციის შენობის მესამე სართულზე, საერთო სივრცეში პოლიციის მუშაკების მიერ დგებოდა შესაბამისი დოკუმენტაცია ლ.გ.-სა და მისი ყოფილი მეუღლის მონაწილეობით. პოლიციის თანამშრომლების მხრიდან შესაბამისი დოკუმენტების შევსების პროცესში, დაახლოებით 20:50 საათზე, ლ.გ.-მ ითხოვა ნებართვა საპირფარეშოში გასასვლელად. ლ.გ. მშვიდი მოძრაობით დაშორდა მაგიდას, ხოლო რამდენიმე ნაბიჯის გადადგმის შემდეგ გაიქცა აივნის მიმართულებით და გადახტა აივნიდან“, — ნათქვამია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებაში.
აღინიშნება, რომ ამ ფაქტს ადასტურებს დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს შენობის შიდა და გარე პერიმეტრზე განთავსებული ვიდეოკამერების ჩანაწერები, „რომლებზეც სრულადაა აღბეჭდილი ლ.გ.-ს პოლიციის დაწესებულებაში გადაადგილება“.
ამასთან, სამსახურის ინფორმაციით, მიუხედავად გამომძიებლის არაერთი მცდელობისა, დაკავშირებოდა ლ.გ.-ს ოჯახის წევრებს და მიეწოდებინა მათთვის ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ, კომუნიკაცია არ შედგა.  
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ცნობით, ექსპერტიზის დასკვნების მიღებისა და შემხვედრი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარების შემდგომ სისხლის სამართლის საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღების საკითხი დადგება.