ავტომობილის დაწვის ფაქტზე გორის საკრებულოს წევრი დააკავეს

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ოპოზიციური პარტიის „ევროპული საქართველოსთვის“ წევრს სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
Sputnik
თბილისი, 9 ივლისი – Sputnik. სამართალდამცველებმა ავტომობილის დაწვის ფაქტზე გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი კახა ბურჯანაძე დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.
გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 8 ივლისს გორის ერთ-ერთ ქუჩაზე მდგომ ავტომობილს ცეცხლი წაუკიდა ამ ავტომობილის მფლობელთან არსებული უთანხმოების ნიადაგზე. ბურჯანაძე ავტომობილის დაწვის ფაქტს ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ ავტომობილი მისი საკუთრებაა და სხვისთვის მხოლოდ დროებით მართვაში ჰქონდა გადაცემული.
საკრებულოს წევრი პოლიციაში თავად მივიდა, გამოკითხვის შემდეგ კი იგი დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.