თბილისი, 9 ივლისი – Sputnik. საქართველოს ზოგიერთ რაიონში 14 ივლისამდე ხანმოკლე წვიმები ელჭექით გაგრძელდება, აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
დღეს და ხვალ შედარებით გრილი ამინდი იქნება აღმოსავლეთ საქართველოში – პლუს 23–28 გრადუსი, შემდეგ დღეებში კი ტემპერატურა 3–4 გრადუსით მოიმატებს.
დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღის განმავლობაში პლუს 30–35 გრადუსი დაფიქსირდება.
რაც შეეხება დედაქალაქს, აქ 9–10 ივლისს ტემპერატურა 25–27 გრადუსამდე შემცირდება, ხოლო მომდევნო დღეებში 33–35 გრადუსამდე მოიმატებს.
ბოლო დღეებში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა თბილისსა და ზოგიერთ რაიონში. მაგალითად, გუშინ, საღამოს მოსულმა ძლიერმა წვიმამ დედაქალაქის მცხოვრებლებს პრობლემები შეუქმნა – დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, მაღაზიები და სარდაფები. ქალაქის გარკვეულ მონაკვეთებზე შეფერხდა ტრანსპორტის გადაადგილება.
ორი დღის წინ სტიქიამ ასევე დააზარალა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი – უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.