თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. თბილისის მერიამ რეკლამების განთავსების საპრივატიზაციო უფლების მოპოვებაზე აუქციონი გამოაცხადა, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე.
კალაძის განმარტებით, გამარჯვებული კომპანია დედაქალაქის ტერიტორიაზე გარე რეკლამების განთავსების უფლებას 15 წლის ვადით მოიპოვებს. მისი თქმით, აღნიშნული აუქციონიდან მერია გარკვეულ შემოსავალს მიიღებს, რაც დედაქალაქის მასშტაბით სხვადასხვა პროექტის განხორციელებას მოხმარდება.
„თბილისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით რეკლამების განთავსების უფლების მოპოვებაზე აუქციონი ორი დღის წინ გამოვაცხადეთ. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ერთი თვის განმავლობაში აუქციონთან დაკავშირებით სრულყოფილი ინფორმაცია მიიღონ“, – განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, საპრივატიზაციო უფლების მოპოვების საწყისი ღირებულება 32 მლნ ლარია, რომელიც მუნიციპალიტეტმა უნდა მიიღოს.
„დარწმუნებული ვარ, რომ აუქციონთან მიმართებით ინტერესს ბევრი გამოიჩენს და აღნიშნული თანხა კიდევ უფრო გაიზრდება, უფრო მეტი შემოსავალი ექნება მუნიციპალიტეტს, რაც, რა თქმა უნდა, სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისთვის გამოიყენება“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
მიმდინარე წელს 12-წლიანი ვადა ეწურება კომპანიას, რომელიც დედაქალაქში გარე რეკლამას ათავსებს. აღნიშნულმა კომპანიამ შესაბამის უფლება 2009 წელს გამართულ აუქციონში გამარჯვების შედეგად მოიპოვა.