სოფელ ხაშმში ეკლესია გაქურდეს

ამ დროისათვის სამართალდამცველები დამნაშავეთა დადგენის მიზნით ადგილზე საგამოძიებო ღონისძიებებს ახორციელებენ.
Sputnik
თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია გაქურდეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ტაძრიდან მოპარულია ზიარების ჭურჭელი, მოძღვრის სკიპტრა და სხვა ნივთები.
მომხდარის შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ საკუთარ Facebook-გვერდზე გაავრცელა.
„ეკლესიაში იყო შეჭრილი პირი და არის ეკლესიიდან გატაცებული ნივთები, დაზიანებული ნივთებიც არის და ვანდალიზმის კვალს ჰგავს“, – აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის ორი მუხლით – „სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც ზიანი გამოიწვია“ და „ქურდობა“.