ახალგაზრდა ლექტორის მკვლელობა ილიაუნიში: სახელმწიფო მოკლულის ოჯახს 35 ათას ევროს გადაუხდის

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს მოქალაქის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მუხლები, რომლებიც იძლევა სიცოცხლის უფლების და დისკრიმინაციისგან დაცვის გარანტიას.
Sputnik
თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, 2014 წელს მოკლული ილიას უნივერსიტეტის ლექტორის მარიკა წივწივაძის ოჯახი სახელმწიფოსგან 35 ათას ევროს მიიღებს.
2014 წლის ოქტომბერში წივწივაძე უნივერსიტეტის დერეფანში მისმა ყოფილმა ქმარმა ლევან მაღრაძემ დაჭრა. ამის შემდეგ მამაკაცმა თავი მოიკლა, ხოლო ქალი საოპერაციო მაგიდაზე გარდაიცვალა.
ევროსასამართლომ 20 ივნისს დაზარალებულთა საქმეების განხილვა დაიწყო
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართეს მარიკა წივწივაძის მშობლებმა, რომლებმაც მიიჩნიეს, რომ სახელმწიფოს მხრიდან მათი ქალიშვილის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მუხლები, რომლებიც იძლევა სიცოცხლის უფლების და დისკრიმინაციისგან დაცვის გარანტიას.
საქმის განხილვისას სასამართლომ დაადგინა, რომ ქალი არაერთგზის გამხდარა ქმრის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი, მაგრამ პოლიციაში მისი მიმართვები უშედეგო აღმოჩნდა.
სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ სამართალდამცველი ორგანოების უმოქმედობა შეიძლება ჩაითვალოს სისტემურ პრობლემად, რადგან პოლიციას მის დასაცავად არაფერი გაუკეთებია.